„ადამიანს შეუზღუდეს ყველა კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აქვს მინიჭებული ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონით. კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი?! გამაგებინიეთ სად ვცხოვრობთ", - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც გურჯაანში რაიონული სასამართლოს შენობასთან იმყოფება. დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით გურჯაანში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს.
„დაველოდებით ბრალის წაყენებას. დღეს აქ უამრავი ხალხი მოვა, დაველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას. მთელმა საზოგადოებამ დაინახა, თუ ხარ, ე.წ. „ქართული ოცნების“ წევრი, გაქვს იმუნიტეტი, არც დაგაკავებენ, არც ბრალს წაგიყენებენ, მით უმეტეს, არც სასამართლოში არ მიგიყვანენ. თუ ხარ ოპოზიციის წარმომადგენელი, ერთ წამში ხდება ეს ყველაფერი. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სცემ, მაშინ ძალიან მსუბუქ რაღაცას წაგიყენებენ, თუ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ხარ, ეცდებიან, რაც შეიძლება მძიმე მუხლი წაგიყენონ. ყველაზე სამწუხაროა, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არ არის, პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმია და ეს უკვე მრავალჯერ ვნახეთ", - აცხადებს ვაშაძე.