შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 16 დეკემბერს კახეთში, სოფელ ველისციხეში ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
უწყების განმარტებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის, შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს.
„პოლიციის მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ქ. გურჯაანში დაკავებული არიან შ.დ.-ზე ძალადობაში მონაწილე პირები: 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ., რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს“, - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.