სახალხო დამცველის აპარატი ზვიად გამსახუდრიას საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დასკვნას ამზადებს - ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რითაც ცოტნე გამსახურდიას განცხადებას გამოეხმაურა. ცოტნე გამსახურდია აღნიშნავდა, რომ პროკურატურასთან უკვე მეექვსე დღეა შიმშილობს და სახალხო დამცველი არ გამოჩენილა.
„ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მასალის შესწავლით ცოტნე გამსახურდიამ ზაფხულში მოგვმართა. პირადად მე მას ამ საქმესთან დაკავშირებით ორჯერ შევხვდი. გამომდინარე იქიდან, რომ დაუსრულებელი გამოძიების საქმის მასალებზე სახალხო დამცველს წვდომა არა აქვს, მთავარ პროკურორს პირადად ვთხოვე წესისგან გამონაკლისი დაეშვა და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მოეცა, რაზეც დაგვთანხმდნენ. რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად, ამ დღეებში დავასრულეთ საქმის 16 ტომის შესწავლა. მიმდინარეობს ჩვენი დასკვნის შემუშავება, საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზება, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული ვარ მეც, მოადგილეც და შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებიც, ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს გამსახურდიას ადვოკატთან, რომელსაც ბოლოს 2 დღის წინ ვესაუბრეთ. ზუსტდება გარკვეული საკითხები.
მადლობის გამო არ ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გულდასაწყვეტია მსგავსი დამოკიდებულება და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადების გავრცელება", - წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ცოტნე გამსახურდიამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქმე შეისწავლეს სახალხო დამცველის ოფისის იურისტებმა ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ დასკვნა არ ჩანს".