Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა - სექსუალური შევიწროება კანონით დაისჯება

19 დეკემბერი, 2018 18:47

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ დეპუტატებსა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სექსუალური შევიწროების რეგულირებაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გააცნო.

კანონპროექტის შექმნაში გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად გაერო-ის ქალთა ორგანიზაცია და USAID იყო ჩართული.  

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, დღეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ბოლო საჯარო განხილვა გაიმართა. ამის შემდეგ იგი პარლამენტში იქნება ინიცირებული.

„ამ პროექტმა გაიარა დისკუსიებისა და განხილვების საკმაოდ ბევრი ეტაპი. ეს არის საკმაოდ კარგი კანონპორექტი, რომელიც სრულფასოვნად არეგულირებს ბევრ საკითხს", -განაცხადა ჩუგოშვილმა.

კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების შესახებ ჩანაწერების შეტანის შემდეგ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევაში შსს-მ უნდა მოახდინოს რეაგირება, ხოლო სამუშაო ადგილზე სექსულაური შევიწროების შემთხვევაში - სახალხო დამცველმა.

„ორივე შემთხვევაში განსხვავებული მიდგომაა, მაგრამ ჩნდება დეფინიცია, თუ რა არის სექსუალური შევიწროება, რომელიც გამომდინარეობს სტამბოლის კონვენციიდან. პროექტი უნივერსალურ ახსნას გვთავაზობს ამ ფენომენის და შემდგომში არის მექანიზმები, თუ როგორ უნდა ავირიდოთ ეს თავიდან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საჯარო სივრცე:

შემოთავაზებული პროექტით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევვათა კოდექსში იქნება ჩანაწერი შემდეგი სახით:

„სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება საზოგადოებროვ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ გარემოს“ გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით. 1 წლის განმავლობაში ჩადენილ განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარით არის განსაზღვრული". 

იმ შემთხვევაში თუ ამ ფაქტს თან ემატება დამამძიმებელი გარემო, მაგ: ეს ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,  შშმ პირის ან არასრულწლოვნის თანდასწრებით, ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.

ხოლო პირის სექსუალური შევიწროება დამამძიმებელი გარემოებით, განმეორებით შემთხვევაში გამოიწევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ თვემდე ვადით ან ადმინისრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

შრომითი ურთიერთობები („შრომის კოდექსი“ - მე-2 მუხლი) 

„დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი შევიწროება. რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან/და პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით“.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ჩნდება ჩანაწერი, რის მიხედვითაც სახალხო დამცველი სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება იმ იურიდიული პირისგან ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისგან, რომელმაც, მისი ვარაუდით, განახორციელა დისკრიმინაცია და მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში.

გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რაც გულისხმობს  შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ყველა ეტაპზე პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესებას. სადაც ასევე გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც შეეხო  სექსუალურ შევიწროებას სამუშაო ადგილზე, რის გამოც ცვლილება შევიდა ორ კანონში: გენდერული თანასწორობის შესახებ კანონსა“  და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ კანონში“.

კანონპროექტის პრეზენტაციისას აღნიშნეს, რომ ეს ორი პროექტი ერთმანეთს შეავსებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარიას თქმით, ის მიესალმება არსებულ კანონის პროექტს და გამოთქვამს იმედს, რომ პარლამენტი მას ამ რედაქციით მიიღებს. პატარაიამ განხილვაზე აღნიშნა, რომ გამოწვევა იქნება პოლიციისთვის მტკიცებულებების მოპოვება, მნიშვნელოვანია კამერებიდან ჩანაწერების ამოღება, თუმცა მუხლი თუ არ არის მძიმე, პოლიციას ჩანაწერების ამოღების საშუალება არ აქვს, ამიტომ ფაქტის დადასტურება ამ კუთხით გაჭირდება. პატარაიას თქმით, აღსრულების მექანიზმის ეფექტიანობისთვის ეს ნაწილი მოსაწესრიგებელია. პატარაია ასევე აღნიშნავს, რომ დიდი პრობლემა იქნება პოლიციელების კვალიფიკაცია, მათიგადამზადება დასჭირდებათ, ვინაიდან „სექსუალური შევიწროება“ არის ახალი მოვლენა. მათ დასჭირდებათ ახალი უნარების შეძენა, იმისთვის, რომ იცოდნენ, მსგავს შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ უნდა მოიპოვონ მტკიცებულებები და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ პატარიას შენიშვნაზე  კამერებთან დაკავშრებით აღნიშნა, რომ სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება და ამ შემთხვევაში კამერების ჩანაწერების ამოღება შეუძლებელია. თოლორაია აღნიშნავს, რომ კამერებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის ზოგიერთ მუხლზეც კი იქმნება პრობლემა.

„ამ შემთხვევაში, თუ თავად მსხვერპლს არ აქვს ჩანაწერი, დაწესებულებებიდან კამერების ჩანაწერების ამოღებაზე არ გვექნება შესაბამისი უფლებამოსილება“.

თოლორაიამ განმარტა, რომ მტკიცებულების მოპოვება შესაძლებელი იქნება ახსნა-განმარტებებით იმ პირების მხრიდან, რომლებიც გარშემო იყვნენ. მისი თქმით, მტკიცებულებების მოპოვებაში მსხვერპლის როლი ძალიან დიდი იქნება. თოლორაიას თქმით, ის მზად არის, მოუსმინოს საზოგადოებას, თუ ისინი ამ ნაწილში სხვა მოსაზრებებს, სხვა ბერკეტებს შესთავაზებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სექსუალური შევიწროების რეგულირებაზე.

„საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარია „ლიბერალთან“ აღნიშნავს, რომ კანონპორექტი არის ძალიან კარგი, ხოლო ომბუდსმენის აპარატის გაძლიერება დისკრიმინაციულ საქმეებთან მიმართებაში მისასალმებელია.

„დღეს წარმოდგენილი კანონპორექტი არის ძალიან კარგი, რადგან პირდაპირ ევროკავშირის სტანდარტებში ზის და  აქ დიდი შემოქმედითობა არც არის საჭირო, რადგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთნაირად რეგულირდება სექსუალური შევიწროება. ძალიან კარგი არის ის, რომ ომბუდსმენის აპარატი ძლიერდება ზოგადად დისკრიმინაციულ საქმეებთან მიმართებაში, სასამართლოსადმი მიმართვაში გასაჩივრების ვადაც იზრდება, რაც მისასალმებელია და უკვე კერძო პირებსაც ევალებათ, რომ შეასრულონ რეკომენდაციები ომბუდსმენის", - ამბობს ბაია პატარაია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^