„გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებს გურჯაანის სასამართლოში შეკრებისკენ მოუწოდებს.
„ჩემო თანამოქალაქენო, უკიდურესად მნიშვნელოვანია ხვალ დილის 9 საათზე შევიკრიბოთ გურჯაანის სასამართლოსთან, მხარი დავუჭიროთ უსამართლოდ დაკავებულ დათო კირკიტაძეს და გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას, რომ არ შევეგუებით ქვეყანაში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმრის არსებობას და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას.
ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ივანიშვილის კრიმინალურ ხელისუფლებას და სათავეში მოვა ეროვნული, კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანს", - წერს Facebook-ზე გრიგოლ ვაშაძე.
გურჯაანის რაიონული სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ხვალ 10:30 საათზე იმსჯელებს.
17 დეკემბერს პოლიციელებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.