Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კინოთეატრ „რუსთაველის“ ახალი კონცეფცია - რას დაკარგავს ქალაქი

24 დეკემბერი, 2018 1:31

კინოთეატრ „რუსთაველთან“ დაკავშირებული გეგმების შესახებ ინფორმაციამ  საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. შეიქმნა პეტიცია, რომელსაც 1200-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს. ხელმომწერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მფლობელებთან „რუსთაველის“ მუნიციპალურ კინოთეატრად ჩამოყალიბების საკითხი განიხილონ. 

თბილისში, რუსთაველის N50-ში მდებარე შენობა 30-იან წლებში აშენდა როგორც კინოთეატრი და ამავე დანიშნულებით აგრძელებდა მუშაობას, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა „რუსთაველი“ დახურულია. თბილისში ამ დროისთვის ძირითადად სავაჭრო ცენტრებში ახლად გახსნილი რამდენიმე კომერციული კინოთეატრი ფუნქციონირებს.

12 დეკემბერს არქიტექტურის სამსახურში შევიდა განაცხადი ესკიზის შეთანხმების შესახებ, რომელიც გულისხმობს „შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“. განაცხადის ავტორის, ირაკლი შარაშიძის თქმით, შენობაში სასტუმროს, რესტორნებისა და ერთი ან ორი კინოდარბაზის მოწყობა იგეგმება.

შარაშიძემ თბილისის არქიტექტურის სამსახურისგან ესკისიზის შეთანხმებაზე უარი მიიღო, თუმცა ის „ლიბერალთან“ ამბობს, რომ კონცეფციაზე მუშაობას აგრძელებს. 

„ლიბერალი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ხელოვნებათმცოდნეები, კინომცოდნეები კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობასთან დაკავშირებულ გეგმებზე? 

სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამ სტატუსს კი განსაზღვრავს როგორც მისი ისტორია და იერსახე, ასევე ფუნქცია.

თეო ხატიაშვილი, ხელოვნებათმცოდნე :

პრინციპში ეს არის „ლოგიკური“ გაგრძელება იმისა, რაც ბოლო წლებია, ხდება თბილისში, როცა სრულიად უსისტემოდ და ქალაქის ისტორიული ნაწილის სტილის სრული უგულებელყოფით მიდის მასშტაბური მშენებლობები. რუსთაველის პროსპექტის ეს მონაკვეთი უკვე სასტიკად დამახინჯდა ჯოხთაბერიძის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმისა და პანორამის ნაწილის მასიური შენობებით, რომელმაც შეჭამა სივრცე, რომ აღარაფერი ვთქვა საეჭვო ესთეტიკაზე. რუსთაველის კინოთეატრის ახალ პროექტში (რომელსაც გავრწმუნებენ, რომ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია) თავზე შემოდგმული „მინის ტორტი" სწორედ ამ ბოლო წლებისთვის დამახასიათებელი „საეჭვო ესთეტიკის" გამოვლინებაა, რაც კინოთეატრს, როგორც ძეგლს, ამახინჯებს და საერთოდ უკარგავს მნიშვნელობას. დღეს ეკლექტიკაც მიღებული სტილია, მაგრამ რომ შექმნა ეკლექტური სტილი, გაცილებით რთულია, რისი უნარიც ჩვენ თანამედროვე ინვესტორებსა თუ მეპატრონეებს ნამდვილად არ შესწევთ. 

ისედაც მწირი კინოთეატრების ფონზე, ვკარგავთ კიდევ ერთ კინოთეატრს, მით უმეტეს, რომ უკვე ვრცელდება ხმები, კინოთეატრ „ამირანის" დახურვაზეც. ეს აბსურდული განმარტება - „უნდა აღდგეს კინოთემატიკით" - სრულიად გაუგებარია. სავარაუდოდ, ეს იქნება ჩვეულებრივი სავაჭრო-გასართობ ცენტრებში დამატებული „კინოს ხაზი" რბილი, ფართო სავარძლებით, რაც კომფორტულობის შეგრძნებას ქმნის, მაგრამ კინოთეატრი წამოსაწოლი და დასაძინებელი სივრცე არ არის, ასეთი ტიპის დარბაზები უკვე გულისხმობს უბრალოდ გასართობ სანახაობაზე აგებულ რეპერტუარს. როგორც ჩანს, დადგება დრო, რომ კინოფესტივალის გასამართავადაც აღარ იარსებებს არანაირი სივრცე. 

ასეთი ტიპის კინოდარბაზები, რაც, სავარაუდოდ, გაკეთდება რუსთაველში, იწვევს ბილეთის ფასის გაზრდასაც, რაც რასაკვირველია, მაყურებლის ჯიბეზეც იმოქმედებს. 

 თამარ ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე: 

შენობის არქიტექტურა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს სტილს - ე.წ. პოსტკონსტრუქტივიზმს, რომელიც 1932 წლიდან 40-იან წლებამდე იყო ჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირში და ამ სტილის ჩამოყალიბება განაპირობა იმან, რომ პირველ ათწლეულში გავრცელებული იყო კონსტრუქტივიზმი, შემდეგ სტალინს არ მოეწონა ეს სტილი, რადგან „არ შეეფერებოდა“ საბჭოთა იდეოლოგიას, აკრძალეს და შეცვალეს, შემდეგ გადავიდნენ ნეოკლასიცისტურ, პომპეზურ სტილზე, რომელსაც შემდეგ სტალინური ამპირი ეწოდა, ეს შუალედური სტილიც, რომელმაც რამდენიმე წელიწადს იარსება, უარს არ ამბობს კონსტრუქტივიზმზე და გადადის ახალ სტილზე და ამიტომ არის ძალიან ღირებული, თუ როგორ ყალიბდება ე.წ. სტალინური ამპირი; ასეთი რამდენიმე ობიექტი გვაქვს თბილისში, მათ შორის არის „იმელიც“, რომელსაც რა ვუქენით კარგად იცით, ამ შენობის ფასადი იყო სწორედ სტალინური ამპირი და ეზოს ფასადი იყო კონსტრუქტივიზმი, რომელიც მთლიანად დაიშალა და აღარფერი შემორჩა, ამავე სტილის არის „ჩაიგრუზია“, რომელიც ნახევარი უკვე დაანგრიეს და ახლა მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა. ამავე სტილის არის კინოთეატრი „რუსთაველი“, რომელიც საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტორის, ნიკოლოზ სევეროვის მიერ არის აშენებული, მასვე ეკუთვნის ჯანაშიას სახელობის მუზეუმი რუსთაველის გამზირზე, მის გვერდით არსებული შენობა.

„რუსთაველი“ 1939 წლის 28 თებერვალს გაიხსნა მიხეილ ჭიაურელის ფილმით „დიადი განთიადი“; მაშინ ბევრი კინოთეატრი შენდებოდა და ეს იყო ერთ-ერთი შენობათაგანი, რომელიც აშენდა კინოთეატრისთვის და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზი სწორედ აქ იყო განთავსებული. სამწუხაროდ, ჩვენ პრაქტიკულად აღარ შემოგვრჩა კინოთეატრები, რომელსაც შეუნარჩუნდა ფუნქცია. თბილისში ასეთი გვაქვს, მაგალითად, „აპოლო“, რომელიც ფუნქციურად სხვა რამე არ ყოფილა არასდროს, მაგრამ კინოჩვენება დიდი ხანია აღარ გამართულა. კინოთეატრი „რუსთაველი“ ამით არის მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად იქ არ მომხდარა წყვეტა კინოს ჩვენებისა. მნიშვნელოვანია როგორც ქართული კინოს ისტორიისთვის, ასევე - საბჭოთა არქიტექტურის თვალსაზრისით.

შენობას 1988 წლიდან აქვს ძეგლის სტატუსი და არასოდეს მას ეს სტატუსი არ მოხსნია, არასოდეს არ დამდგარა მისი ღირებულებისადმი კითხვის ნიშანი, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ასეთი ტიპის ადაპტაციაზე პირველი - კარგად უნდა გავიაზროთ ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება არა მარტო ფასადს, არამედ - მთელ სტრუქტურას და ამასთანავე ფუნქციასაც, აბსოლუტურად დაუშვებელია ამ შენობიდან კინოთეატრის ფუნქციის გაქრობა. შესაძლებელია, ადაპტაცია მოხდეს და რაღაცა დაემატოს, მათ შორის ისე, როგორც ოდესღაც ერთი კინოდარბაზის მაგივრად აქ ხუთი კინოდარბაზი გაჩნდა. აბსოლუტურად დაუშვებელია ის დაშენება, რაც ესკიზზე არის წარმოდგენილი. მფობელებმა იციან, რას ფლობენ, იცოდნენ, რას ყიდულობდნენ, უმნიშვნელოვანესი შენობაა, ძალიან დიდი ღირებულების, როგორც ფინანსური, ისე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით. რუსთაველის გამზირზე ამხელა შენობა ნამდვილად არ არის არასაკმარისი და რაღაცნაირად უნდა ეცადონ ჩაეტიონ ამ მოცემულობაში, რომელიც ამ შენობას აქვს. 

იმედია, თბილისის მერია მოქალაქეებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მხარეს დადგება და არ მისცემს ამ შენობის მოცულობის გაზრდის უფლებას. ეს სრულიად დაუშვებელია. თუ დააკვირდით კინოთეატრს, სიმაღლეში გვერდით მდგომ შენობას უსწორებენ, ამას მოჰყვება ის, რომ დომინოს პრინციპით ყველა მოინდომებს სიმაღლის გაზრდას. დაუშვებელია გვერდით არსებულ “ჯოხთაბერიძის” შეუსაბამო შენობაზე სწორება, მან ისედაც დიდად დააზარალა რუსთაველის გამზირის იერი. შენობამ უნდა შეინარჩუნოს, როგორც არსებული პარამეტრები, ასევე ფუნქცია. მისი უმთავრესი ღირებულება ხომ სწორედ ფუნქციაა. მე ვისურვებდი და მივმართავდი თბილისის მერიას, რომ იქნებ მოიძიონ თანხა, გამოისყიდონ შენობა და აჩუქონ ქალაქს მუნიციპალური კინოთეატრი, რომელსაც ამდენი ხანია, ითხოვს საზოგადოება.  

ეს არცერთ შემთხვევაში რესტავრაცია აღარ გამოდის იმიტომ, რომ რესტავრაცია როდესაც ტარდება, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ფასადის მახასიათებლის, ასევე გეგმარების შენარჩუნებაზე.

ცოტა არასერიოზულად და უტოპიურად მიმაჩნია კინოთეატრის, რესტორნისა და სასტუმროს თანაარსებობა იმ შემთხვევაში, თუ არ გაიზარდა მოცულობა. არ არის ეს შენობა იმხელა, რომ მოცულობის გარეშე კიდევ რაიმე ფუნქცია დაემატოს. თუმცა შესაძლებელია, რომ კინოთეატრი და კაფე, რომელსაც კინოსთან ექნება კავშირი განთავსდეს და ეს შეიძლება მოხდეს, მასშტაბის გაზრდის გარეშე. არქიტექტორმა, რომელიც ახლა ამას აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ მას არ შეუძლიას მასშტაბის შეცვლა და არ შეუძლია ფასადების დარღვევა. იგულისხმება ოთხივე ფასადი და არა მხოლოდ წინა. მან უნდა იცოდეს, რა აქვს და აქედან რაც გამოვა, იმით უნდა დაკმაყოფილდეს.

ეს შენობა დგას თბილისის უმთავრეს გამზირზე და ეს არ ეკუთვნით მხოლოდ და მხოლოდ მათ, ეს ეკუთვნის თბილისს და უნდა გაითვალისწინონ ქალაქის ღირებულება და მოთხოვნები. ამიტომ არის რთული, როდესაც ასეთი ტიპის შენობას ყიდულობ, უნდა იცოდე, რომ შენ ხარ გარკვეულ ჩარჩოებში და ამ ჩარჩოებში უნდა ჩაეტიო და ამ ჩარჩოების დაცვის ვალდებულება დღეს აქვს თბილისის მერიას.

დათო ბუხრიკიძე, კრიტიკოსი:

საიდან უნდა გამოვიდეთ? რა არის მთავარი ღირებულება? რისთვის კეთდება, თუ რამე კეთდება ახალი? არის თუ არა ეს მიმართული საზოგადოების სიკეთისკენ? - აქედან უნდა ამოვიდეთ. სასტუმროების რაოდენობა საკმაოდ ბევრია რუსთაველზე, კოსტავას ქუჩაზეც ყოფილ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილზე, ეს დიდი სასტუმროები ცენტრში უკვე ათვისებულია - „რედისონი“, „მარიოტი“ და ა.შ. ეს რომ იყოს თბილისის ის ნაწილი, სადაც სასტუმროები ნაკლებად არის, მაგალითად, სბურთალო, დიდუბე ან გლდანი, კარგი ხარისხის სასტუმრო რომ აშენდეს, არ იქნებოდა პრობლემა. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ეს შენობა უნდა შენარჩუნდეს. ეს არ არის დიდი შენობა და სასტუმროსთვის, შესაძლოა, უკან მოაშენონ ან ზემოდან დააშენონ და ფართი გაზარდონ, რაც თავისთავად გამოიწვევს დამახინჯებას, ძეგლიც დაზიანდება.

შენობაში კინოდარბაზების რაოდენობა დროთა განმავლობაში გაიზარდა, რაც კინოფესტივალისთვისაც ხელსაყრელი იყო. ეს, შეიძლება, ისეთი კინოთეატრი არ იყო, როგორიც ბერლინში ან მადრიდშია უზარმაზარი საფესტივალო დარბაზებით, მაგრამ ერთი დიდი და ოთხი მცირე კინოდარბაზი იძლეოდა საშუალებას, ჟანრების მიხედვით, მაყურებლის ინტერესების მიხედვით გადანაწილებულიყო კინოჩვენებები. აქ იმართებოდა სხვადასხვა ქვეყნის კინოს დღეები, კინოფესტივალი. ფესტივალის სტუმრები სხვა სასტუმროში რომ დარჩნენ რა მოხდება? სადმე ხდება, რომ ფესტივალისთვის ჩამოსული სტუმრებისთვის სასტუმროები ცალკე კეთდებოდეს? ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სად დარჩებიან სტუმრები.

რატომ გაჩნდა ამის საჭიროება? - ჩემი აზრით, ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. სწორედ იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე მეტრში ორი თუ სამი სასტუმროა. მაშინ რუსთაველის გამზირზე სულ სასტუმროები ჩავდგათ. იქვე არის მუზეუმი, მუზეუმის ინტერესში უნდა ჩაეტიო, სიმონ ჯანაშიას მუზეუმი, ეს შენობა თავის დროზე არქიტექტურულად ეწერებოდა, თავისი ურბანული სახე ჰქონდა, განაშენიანება და სტრუქტურა ჰქონდა, ერთი შენობა მეორეზე დიდი არ ყოფილიყო და ჩამჯდარიყო არქიტექტურულ სტილში. გვერდით ახალმა გალერიამაც დაარღვია პროპორცია. 

გაგა ჩხეიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი: 

ამის გამო კინოფესტივალზე ადგილების რაოდენობა შემცირდა, დაახლოებით 100 ადგილით შემცირდა საერთო რაოდენობა. ჩვენ წელს კინოს სახლის დარბაზი დავამატეთ, სადაც 90 ადამიანი ეტევა და ფაქტობრივად პატარა დარბაზებში გადავედით და ესეც დიდი მინუსია, რომ არ გვაქვს საშუალო ზომის დარბაზები 250-300 ადგილით. ასეთი დარბაზების სიმცირე ძალიან ცუდია ფესტივალისთვის, როდესაც ფილმი ჩამოგაქვს, ლიცენზიაში დიდ თანხას იხდი, მერე ფილმის თარგმნა, სუბტიტრების დადება, უამარავი ხარჯია ფესტივალზე და შემდეგ მას მხოლოდ 80-კაციან დარბაზში აჩვენებ მაშინ, როცა იცი, რომ გაცილებით მეტი მაყურებელი მოვა დიდ დარბაზში თუ იქნება ჩვენება. რაც შეეხება „კავეას“, ჩვენ მაინცდამაინც დიდი სურვილი არ გვაქვს სავაჭრო ცენტრში შესვლის, მეორე მხრივ ძვირია და იჯარას იქ ვერ გადავიხდით. „ამირანის“ ხელმძღვანელობა ძალიან მონდომებულია, რომ ჩვენი ფესტივალი მაღალ დონეზე ჩატარდეს, უნდათ რომ „ამირანი“ გადაიქცს არტჰაუსის ფილმებისთვის საბაზო კინოთეატრად. 

მსოფლიოში არსებობს 3 კატეგორიის კინოთეატრი: კომერციული, უწყებრივი და მუნიციპალური. მუნიციპალური კინოთეატრი აპრობირებულია ევროპაში - თითო ქალაქს ერთი კომუნალური, ანუ მუნიციპალური კინოთეატრი მაინც რომ ჰქონდეს. მუნიციპალური კინოთეატრი გულისხმობს იმას, რომ მას ქალაქი, ან მთავრობა აფინანსებს. ყველაზე ცნობილი მაგალითია ბერლინის „არსენალი“, რომელიც უკვე 40 წელია არსებობს, ჯერ დამოუკიდებელი იყო, შემდეგ ქალაქმა დაიწყო მისი დაფინანსება და ახლა უკვე ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე არსებობს. „არსენალს“ სახელწმიფო უხდის იჯარის საფასურს, პროგრამების საფასურს, იხდის დასაქმებულთა ანაზღაურებას - ასეთი ტიპის კინოთეატრი სასურველია, რომ იყოს საქართველოში. ეს არის ამ შემთხვევაში არა მხოლოდ კომერციული სივრცე, არამედ კულტურის კერა, სადაც ტარდება რეტროსპექტივები, აჩვენებენ ძველ ფილმებს, იწვევენ რეჟისორებს, არის დისკუსიები, იმართება თანმხლები ღონისძიებები, მაგალითად გამოფენა, აქ შეიძლება კაფეც იყოს და ა.შ. მისი მთავარი მოვალეობაა მაყურებლამდე ახლოს მიიტანოს კარგი კინო. ასეთ კინოთეატრებში მნიშვენლოვანია რეპერტუარის მრავალფეროვნება, მაგალითად შვეიცარიის კანონში წერია, რომ ქალაქის მიერ დაფინანსებულმა კინოთეატრებმა არ შეიძლება აჩვენოს მხოლოდ ამერიკული კინო ან მხოლოდ ინდური, იქ უნდა იყოს რეპერტუარის მრავალფეროვნება, შესაძლოა, საბჭოთა კინოც იყოს, ახალი, ძველიც, იაპონური, ქართული და ასევე ასაკობრივი, ჟანრობრივი მრავალფეროვნება უნდა იყოს გათვალისწინებული. მუნიცპალური კინოთეატრი თითო ქალაქში რომ არსებობდეს, შესანიშნავი იდეაა. კულტურის კერებს სახელმწიფო ისედაც აფიანსებს, მაგალითად ოპერისა და ბალეტის თეატრს, რუსთაველის თეატრს, მარჯანიშვილის თეატრს და ა.შ. ერთი კინოთეატრის შენახვა სახელმწიფოსთვის გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე თეარტრისა და ოპერის შენახვა. ძირითადი ხარჯი მიდის ლიცენზიების შეძენაზე.

მე რომ ქალაქის მერი ვიყო, ყველა ღონეს ვიხმარდი იმისათვის, რომ გამოვისყიდო. დავიწყებდი „აპოლოთი“, ეს არის ძალიან რეპრეზენტატიული შენობა, უფრო საინტერესოა, ჩემი აზრით, ვიდრე „რუსთაველი“ და შეიძლებოდა კარგი სივრცის შექმნა, პრემიერებისთვის, ევროპული კინოსთვის, ასევე „რუსთაველსაც“ შევინარჩუნებდი, მაგრამ თუ ეს ნება არ არის ქალაქის მთავრობის მხრიდან, ამაზეა საუბარი. ვიღაცამ რომ მოინდომოს ოპერის ყიდვა ან გაყიდვა და იქ რესტორნები და სასტუმროები გახსნან, არც ეგ არის გამორიცხული. რადგან კინო უმეტესად გადავიდა კომპიუტერში, ინტერნეტში, კინოთეატრი როგორც ფენომერნი იჩაგრება, თუმცა მას არ ამოუწურავს თავისი თავი და კარგი კინოთეატრი ყოველთვის მუშაობს და იმუშავებს, ამის ბევრი მაგალითია ევროპაში. ამიტომ ასეთი კინოთეატრები იარსებებს, უბრალოდ უნდა იყოს ქალაქის მხრიდან ნება. 

ერთი მაგალითი მახსენდება, აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობდა კინოთეატრი „ელისო“ ახლა იქ არის მაღაზია „ტერანოვა“. სახელმწიფოს ხელში იყო ეს შენობა, მიაქირავეს მაღაზიას და უთხრეს, რომ აქ პატარა დარბაზი გააკეთეთ და ქვემოთ იყოს მაღაზიაო - რა თქმა უნდა, ეს იდეა ჩავარდა, რადგან ყოვლად წარმოუდგენელია, რომ სავაჭრო ცენტრმა, სადაც ჯინსები და წინდები იყიდება, გააკეთოს კინოთეატრი. დიდი ამბით წარადგინა ეს პროექტი ეკონომიკის სამინისტრომ და არაფერი გამოვიდა, ფაქტობრივად გაანადგურა, დახურა კიდევ ერთი კულტურის ცენტრი. ასევე დახურული და გაიყიდულია ბევრი კინოთეატრი, ეს ნიშნავს იმას, რომ კულტურული სივრცე შევიწროვდა. რეგიონებშიც, მაგალითად, თელავში, გურჯაანში კინოთეატრები აღარ არსებობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^