კომპანია „თბილისის ბიზნესსახლმა", რომლის ადმინისტრაცია თარჯიმნებს კუთვნილ ხელფასს მუდმივად უკავებდა, თანამშომლებს არსებული დავალიანება სრულად დაუფარა, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „სოლიდარობის ქსელი“ ავრცელებს, რომელიც თარჯიმნების უფლებებს იცავს.
ამავე თემაზე: თარჯიმნები რამდენიმე თვეა ხელფასს ითხოვენ, კომპანია პროტესტს „კონკურენტის აგორებულს“ უწოდებს
„თარჯიმნებმა გაბედეს და არ დაიხიეს უკან. მათი თავდადების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგის მიღწევა. განსაკუთრებელი როლი ითამაშა მედიამ. მათ არ დაიზარეს და გააშუქეს თარჯიმნების ბრძოლა თავიდან ბოლომდე. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი აღმოჩნდა, თუ როგორ შეიძლება პოზიტიური როლი ითამაშონ ჟურნალისტებმა საზოგადოების ცხოვრებაში.
სამწუხაროა, რომ ბრძოლა და ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ თარჯიმნებს კუთვნილი ხელფასები აეღოთ. მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა.
შრომის ექსპლუატაცია ყოველდღიური და ძალიან ხშირია, ხოლო ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, კი იშვიათი.
უფროსები სარგებლობენ ჩვენი არაორგანიზებულობითა და უიმედობით ( არაფერი არ შეიცვლება - დამოკუდებულებით ), მაგრამ მაგალითები, მათ შორის თარჯიმნების, გვაჩვენებს, რომ კოლექტიურ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და შედეგი❗", - წერია „სოლიდარობის ქსელის" განცხადებაში.