შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორავას საქმეზე, კონკრეტულად კი, მ.კ-ზე სისხლის სამართლის დევნის დაწყების შესახებ განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა ეთქვა, რომ არსებობს საფუძველი მ.კ.-ზე დევნის დაწყების, მაგრამ ამის საფუძველი არ არსებობს. მან მიმართა ოპოაზიციას და თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის წევრებმა აირჩიეს სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი, რითაც საგამოძიებო კომისიის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინეს.
„დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა ვმუშაობთ ძალიან აქტიურად“, - თქვა გახარიამ.
რაც შეეხება კალანდიას ნაწილს, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი დეტალურად სწავლობენ კალანდიას ფუნქციას ამ საქმეში.
„ჩვენ, მაქსიმალურად დეტალურად ვსწავლობთ და ვაგრძელებთ იმ კომპონენტის გამოყოფას, რომელსაც ჰქვია კალანდიას ფუნქცია და ეს გამოძიება გრძელდება. ამ საქმის ფარგლებში, მას შემდგომ, რაც გამოიყო ცალკე საქმე, რამდენიმე ადამიანია დაკავებული და იქ ჩვენ გარკვეულ პერსპექტივებს ვხედავთ. ამაზე მეტი საუბარი უპასუხისმგებლობა იქნება, პოლიტიკურ სპეკულირებას კი ადამიანების ბრალეულობით, მათი დაკავებით და მით უმეტეს, იმ ტრაგიკული შედეგებით, რაც იყო, არ ვაპირებ ზოგიერთებივით“, - განაცხადა გახარიამ.