„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, კიდევ ერთხელ, ნათლად დადასტურდა სასამართლო სისტემაში ვიწრო ინტერესთა ჯგუფის უკონტროლო ძალაუფლების არსებობა", - 8 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას აპროტესტებენ.
როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს საბჭომ, უხეში პროცედურული დარღვევებით, წინასაახალწლო პერიოდში და დაჩქარებული წესით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს აჩვენებს, რომ მათ სურთ ყოველგვარი საზოგადოებრივი დისკუსიის და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტების უგულებელყოფით, მოახვედრონ მათთვის სასურველი კანდიდატები უზენაეს სასამართლოში და ამით სრული კონტროლი მოიპოვონ სასამართლო ხელისუფლებაზე.
საკითხის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გამოტანის შესახებ, გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებას, წინ უძღვოდა მხოლოდ მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის მიერ დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებები, რაც დღეს საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ გაკეთებული განმარტებითაც დადასტურდა. საყურადღებოა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილისთვის უცნობი იყო კანდიდატთა ვინაობაც კი. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში მსგავსი არაფორმალური გარიგებები, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონისა და კონსტიტუციის მიზნებს, მოქმედი ხარვეზიანი კანონმდებლობის პირობებშიც კი.
დღეს საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სასამართლოში დომინანტი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების კანდიდატურებს, რომელთა რეპუტაცია კრიტიკას ვერ უძლებს. ამ კანდიდატებს შორის არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი ტყავაძე. კლანურ ინტერესებს მორგებულ და თვითნებურ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ასევე პარლამენტის მიერ საბჭოში დანიშნულმა სამმა არამოსამართლე წევრმა (ლევან გზირიშვილი, შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა). კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს მხოლოდ ირმა გელაშვილმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა.
სასამართლო სისტემაში კრიზისული ვითარების შექმნას ხელი შეუწყო ამ ჯგუფის ინტერესებზე მორგებულმა კანონმდებლობამ და პარლამენტის მხრიდან ძირეული რეფორმების გატარების ნების არარსებობამ. იმ პირობებში, როდესაც საბჭოს მიერ დღეს წარდგენილ კანდიდატებს თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად პარლამენტის თანხმობა სჭირდება, საკანონმდებლო ორგანოს ეკისრება გადამწყვეტი როლი, არ დაუშვას ქვეყანაში სასამართლო სისტემის საბოლოოდ ჩაკეტვა და მართული მართლმსაჯლების მხარდაჭერა.
ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:
მხარი არ დაუჭიროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აშკარა პროცედურული დარღვევებით წარდგენილ და დაბალი რეპუტაციის მქონე კანდიდატებს;
დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც შეუზღუდავს გავლენიან მოსამართლეებს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ამ ცვლილებების მიღებამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კავშირი ,,საფარი”
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
დღეს იუსტიციის საბშომ საბჭომ პროცედურების შემუშავების გარეშე შემდეგი კანდიდატურები დაასახელა:
თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაზე, გიორგი ტყავაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. კანონმდებლობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეტა რაოდენობა 28 წევრით განისაზღვრა. ამჯამად 18 თანამდებობა ვაკანტურია.