რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის ემზარ კვიციანის ინიციატივით და ზვიად ტომარაძის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს განიხილავს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.
პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 155-ე პრიმა მუხლი, რის მიხედვითაც რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
ასევე, პროექტში აღნიშნულია, რომ რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.
კვიციანი და ტომარაძე აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და წმინდანების შეურაცხყოფაა.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი მიიჩნევენ, რომ რამდენიმე წელია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ საბაბით პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ.
მათი აზრით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები. რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. საკანონმდებლო სივრცეში რელიგიური შეურაცხყოფის დასჯის არარსებობა, მოქალაქეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ უბიძგებს.
„ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა რიგ ქვეყნებში იგივე სახის დანაშაულზე მკაცრად რეაგირებს და არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსით. ეს ქვეყნებია: გერმანია, ესპანეთი, იტალია, ჰოლანდია, პორტუგალია, შვეიცარია, დანია, ნორვეგია, პოლონეთი, ისლანდია, ლიტვა, ფინეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ხორვატია.
2016 წელს საქართველოს პარლამენტის „ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა“ იმსჯელა „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სამართალდამრღვევს ფულად ჯარიმას აკისრებდა. „ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა“ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას, იმ პირობით, რომ წარმოდგენილი ფორმულირება შეიცვლებოდა ახალი ფორმულირებით.
ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 2018 წლის 20 მარტს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, სადაც საუბარია, რომ „სახელმწიფომ დროულად უნდა უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს".
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“ კანონის მიღების მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მცდარია გავრცელებული მოსაზრება, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უსაზღვროა. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე–10 მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით: აზრის გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან, რის გამოც მას კანონი უქვემდებარებს წესებს, პირობებს, შეზღუდვებს და სანქციებს. როდესაც საქმე ეხება: ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვას, სხვათა უფლებების ან ღირსების დაცვას", - წერია განმარტებით ბარათში.