„სიდას“ ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და სადავოდ ხდის იმ ნორმას, რომელიც სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას არ იძლევა.
საკონსტიტუციო სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის დისპოზიცია მოსარჩელეს უკრძალავს სასამართლოს მეშვეობით გაასაჩივროს სახალხო დამცველის მიერ მის წინააღმდეგ „კანონის დარღვევით“ გამოცემული რეკომენდაცია, რომელიც შეეხება სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის ფაქტს.
მისი თქმით, რომ არ არსებობდეს სადავო ნორმა, მოსარჩელე შეძლებდა მის მიმართ სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის სასამართლოში გასაჩივრებას ადმინისტრაციული წესით.
dევდარიანი მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ მის უფლებებს, კერძოდ „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო დავის არსებობის შემთხვევაში სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციით დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნეულ პიროვნებას აღნიშნული დოკუმენტი შეუძლია გამოიყენოს ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით რეკომენდაცია იურიდიული ძალის მქონეა.
შესაბამისად, მისი თქმით, სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაციის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში გასაჩივრება და მისი მატერიალური თუ ფორმალური კანონიერების სასამართლოს გზით შემოწმება წარმოადგენს ერთადერთ შესაძლო ვარიანტს, მოსარჩელეს არ დაერღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
„მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციის შესრულების და გათვალისწინების სავალდებულოობას კანონი არ აწესებს იგი ირიბად მიუთითებს რეკომენდაციის გათვალისწინების აუცილებლობაზე, ხოლო მისი არგათვალისწინების შემთხვევაში სახალხო დამცველს აღჭურავს სპეციალური უფლებამოსილებით მიიღოს სამართლებრივი ზომები რეკომენდაციის გათვალისწინების იძულებასთან დაკავშირებით... შესაბამისად ჩვენ საქმე გვაქვს სამართლებრივ დოკუმენტთან რომელსაც პირდაპირ შეუძლია მოსარჩელე ზვიად დევდარიანის სამართლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენა", - ვკითხულობთ სარჩელში.
საკონსტიტუციო სარჩელში მოსარჩელის წარმომადგენლად ლადო რაფავა და აწ უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაა მითითებული.