„სოლიდარობის ქსელი" ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქებურიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ შრომა არ სურთ.
მინისტრმა საქართველოში უმუშევრობის პრობლემის შესახებ საუბრისას ყურადღება სამუშაო ძალის გარეთ მყოფ ადამიანებზე შეაჩერა. ასეთად იგი დიასახლისებს მოიაზრებს.
ქობულია: არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ - „ჩვენ მუშაობა არ გვინდა“
„სოლიდარობის ქსელის" განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ, უმუშევრობის დაძლევის ერთ-ერთ დამაბრკოლებლად დიასახლისები დაასახელა: მისი განცხადებით, დიასახლისებს მუშაობა არ სურთ, რის შედეგადაც, უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ ნელი ნაბიჯებით მცირდება.
ბატონო მინისტრო, გვინდა ყურადღება გაგამახვილებინოთ იმ ფაქტზე, რომ შრომა, რომელსაც დიასახლისები ეწევიან და რომელზეც მთელი ქვეყნის მოსახლეობა დგას, საშინაო შრომა ჰქვია.
შეგახსენებთ ასევე იმ ფაქტს, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანაში სამსახურის ქონას, არსებული მიზერული ხელფასების პირობებში, შემოსავალზე მეტად ხარჯი მოაქვს, რადგან გზის ფული და საკვები ი დამატებითი ხარჯია, რომელიც ხშირად სახელფასო შემოსავალს აჭარბებს, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში არსებობს უამრავი დასაქმებული ღარიბი. 300 - 400 ლარიან ხელფასზე გაწერილმა თვიურმა ბიუჯეტმა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვალებში ჩააგდო - ჩვენი ქეყანა მსოფლიოში მოწინავე პოზიციას იკავებს დავალიანების კუთხით! (საერთაშორისო სავალუტო ფონდი)
ბოლო დროს, საჯაროდ, ყოველდღიურ საუბრებში, თუ სტატისტიკურ მონაცემებში, ყველასთვის შესამჩნევია ქალთა ეკონომიკური გააქტიურება, რადგან ოჯახს უკვე ერთი ადამიანის შემოსავალი აღარ ყოფნის და ინდუსტრიასთან ერთად, 90-იანი წლების შემდგომ, გაქრა კაცების დასაქმების ტრადიციული ადგილებიც. მოგეხსენებათ, რომ ქალს, რომელსაც სამსახური აქვს, სახლში დაბრუნებისას დასვენების ნაცვლად, ოჯახის წევრებზე ზრუნვა უწევს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ხშირად, ქალები მუშაობენ მომსახურების სფეროში, რომელიც ყველაზე დაურეგულირებელი სფეროა. მათ უწევთ კვირაში 50-70 საათი მუშაობა, ყოველგვარი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გარეშე. ჩვენ კიდევ ერთხელ, ვითხოვთ, 40 საათიანი სამუშაო კვირისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების პრაქტიკაში დაწესებას.
ორმაგი ცვლა, იგივე ორმაგი შრომა არ არის ახალი საკითხი ქალებისთვის, თუმცა ახალი და საგანგაშოა თქვენი დამოკიდებულება - "დიასახლისები აცხადებენ, რომ მუშაობა არ სურთ".
არ არსებობს უმუშევარი ქალი !
უცნაურია, თუ რის საფუძველზე აკეთებთ მსგავს დასკვნებს. შეგახსენებთ, რომ ყველაზე მზარდი ეკონომიკური სექტორი - მომსახურების სფერო - სწორედაც რომ არსებული დიასახლისებისგან შედგება, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ასრულებენ საშინაო შრომას.
ბუნებრივი და გასაგებია, რომ მათხოვრულ ხელფასზე მუშაობას, ღირსების ყოველდღიურ შელახვას, ქალის ე.წ. "ბუნებრივი მოვალეობების" (დალაგება, მოვლა, პატრონობა, ზრუნვა) ორ ცვლაში შესრულებას, ქალებს სახლში ყოფნა და თავის ოჯახისთვის შრომა ურჩევნიათ.
აქვე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი; არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა; ბაღები გადაჭედილია; განათლების სისტემა ვერც განათლებას აძლევს სტუდენტს და ვერც შრომის ბაზრისთვის ამზადებს მას; ამასთან, უმაღლესი განათლების საფასური და უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება ძვირია; დეკრეტში გასვლისას სახელმწიფო სიმბოლურად ერთჯერად თანხას უხდის ქალს; დეკრეტში გასულებს, არ აქვთ არანაირი გარანტია, რომ სამსახური შეუნარჩუნდებათ. ქალებისა და კაცების ანაზღაურებებსა და თანამდებობებს შორის კვლავ დიდი განსხვავებაა (35%-ზე მეტი). სტრუქტურული ხელშეწყობა ქალისთვის, ან ოჯახისთვის არ არსებობს. დამატებით, სწორედ თქვენ რომ ახსენებთ იმ დიასახლისებს, უწევთ საზღვარგარეთ წასვლა, რადგან ვერ ახერხებენ თქვენი თავისუფალი ეკონომიკიის იდეოლოგიით ქვეყნის განვითარებას. სწორედ ეს დიასახლისები არაადამიანურ პირობებში მუშაობენ უცხო ქვეყნებში და წლობით ვერ ნახულობენ თავიანთ შვილებსა და ოჯახს.
სოლიდარობის ქსელი, დამოუკიდებელი პროფკავშირი ქალთა შრომაზე დგას და სიმართლე გითხრათ, ჩვენც არ გვინდა ვმუშაობდეთ სახელმწიფოს ნაცვლად და გვიწევდეს იმის კეთება, რაც თქვენ ისედაც გევალებათ - მოექცეთ მოქალაქეებს, როგორც ღირსეული საზოგადოების წევრებს და არა ახალი ეკონომიკური ექსპერიმენტის მონაწილეებს"-ნათქვამია განცხადებაში.