Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაჩალიკაშვილების ოჯახი და ადვოკატები საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვენ

26 დეკემბერი, 2018 14:43

მაჩალიკაშვილების ოჯახი და მათი ადვოკატები პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ჩაერთონ ამ პროცესში. 

ამის აუცილებლობაზე EMC-ის იურისტმა, თამთა მიქელაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, შემთხვევის ადგილზე პირველადი საგამოძიებო მოქმედებები სუს-ის თანამშრომლებმა ჩაატარეს. ეს კი მათ უჩენს ეჭვს, რომ მტკიცებულებების ნაწილი ფაბრიკაციულია ან მათი ნაწილი საერთოდ განადგურდა. იურისტის შეფასებით, ამან გამოძიების პროცესი დააზიანა. 

თამთა მიქელაძის განცხადებით, მათ არ აქვთ საქმეში არსებულ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა, ასევე, ოჯახს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. 

„იმის გამო, რომ ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ვნახეთ, ჩვენ დღეს პოლიტიკური ელემენტის შემოტანას ვითხოვთ. ჩვენ მივმართავთ პარლამენტის ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის უმრავლესობას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ვითხოვთ საკონსულტაციო შეხვედრებს დროულად, რათა ოჯახსა და ადვოკატებს, ასევე ადგილობრივი თემის ლიდერებს შეხვდნენ. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს კრიტიკას და ვთხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ. 

იურისტის ინფორმაციით, კომისიის შექმნის პარალელურად ისინი სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებასაც მოითხოვენ, იქნება ეს ვახტანგ გომელაურის პარლამენტში დაბარება თუ სხვა. 

თუმცა თამთა მიქელაძე განმარტავს, რომ სარალიძის საქმის შემდეგ მათი მოლოდინები არც ისე ოპტიმისტურია. ამიტომ მათ საბოლოო სწორება ევროპულ სასამართლოზე აქვთ. 

მალხაზ მაჩალიკაშვილის შეფასებით კი, როცა სახელმწიფო ასეთ სერიოზულ შეცდომას უშვებს, შეუძლებელია, მან ეს საქმე გამოიძიოს და შედეგი დადოს. 

„ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ ადამიანური რესურსი ჰქონოდა და სიმართლე ეთქვა. სრულ სიმართლეს არ ვითხოვ, სიმართლის რაღაც პროცენტი მაინც გვითხრან“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია 2017 წლის 26 დეკემბერს ჩაატარა და ახმედ ჩატაევსა და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^