უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებასთან დაკავშირებით „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ასოციაციამ თავიდანვე გამოთქვა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების უფლებამოსილების იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გადაცემის თაობაზე. მათივე განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილების მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით ნეგატიური პოზიცია განპირობებული იყო იმ რეალობით, რომ საქართველოში მოსამართლეთა თვითმმართველობის ხარისხი არასაკმარისია და არ შეესაბამება დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მოწყობის სტანდარტებს.
„ადვოკატთა ასოციაცია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მიუთითებდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების უფლების მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემით შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა უზენაეს სასამართლოში სხვა იურიდიული პროფესიებისა (ადვოკატი, პროკურორი, და სხვა) და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების განწესებას, რადგან თავიდანვე არსებობდა იმის ალბათობა, რომ ნომინირების დროს აქცენტი ძირითადად მოქმედ მოსამართლეებზე გაკეთდებოდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად მხოლოდ მოქმედი მოსამართლეების წარდგენამ, მაშინ როდესაც იურიდიულ პროფესიაში მოღვაწეობს მაღალი კვალიფიკაციის, რეპუტაციისა და ნდობის მქონე არაერთი იურისტი, რომელთაც არ მიეცათ ნომინირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, შეიძლება შექმნას რისკი, რომ სასამართლო ჩამოყალიბდეს დახურულ სისტემად, რაც კიდევ უფრო დააზიანებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტრატეგიულ მიზნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ პარლამენტს მიმართავს:
უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების პროცესის იმგვარად რეგლამენტაცია, რომ ნომინირების ყველა ეტაპი წარიმართოს გამჭვირვალედ და ობიექტურად და ამასთან, იურიდიული პროფესიის ფართო წარმომადგენლობას მიეცეს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის შესაძლებობა.
უკვე წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებით კი, თუკი პარლამენტი მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას განიხილოს აღნიშნული საკითხი, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას იმგვარი სამართლებრივი პროცედურის და ფორმატის შემუშავება, რომ მოხდეს საკითხის მაქსიმალურად გამჭირვალე გარემოში განხილვა.