ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე (ე.წ. 900 აბი სუბუტექსის საქმე) ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ხოლო ამავე საქმეში ბრალდებული ირაკლი ქორიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
---
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, ირაკლი ქორიძე თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების - 900 აბის საქმის ორგანიზატორია. შსს-ს განცხადებით, ირაკლი ქორიძის ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის იანვარში ის შეუთანხმდა ნაცნობებს - გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
შსს-ს თქმით, 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯაბა ხულორდავა ფარულად შეხვდა გიორგი გიორგანაშვილს, რომელმაც საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა და 2017 წლის 24 იანვარს ნარკოტიკული საშუალებები სასაზღვრო გამშვები პუნქტის, „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
შსს-ს განცხადებით, ჯაბა ხულორდავა 24 იანვარს დააკავეს და რეანომობილიდან ამოიღეს თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.