დღეს, პარლამენტში 18:00 საათზე განათლების კომიტეტის სხდომა დაიწყო. სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიში უნდა მოესმინათ, სხდომაზე უნდა განეხილათ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის და ია კერზაიას გარდაცვალების საქმეც.
პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე არ წარსდგა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია და საბოლოოდ, კომიტეტის სხდომა გადაიდო.
ოპოზიციის განცხადებით, მათ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე კითხვები ჰქონდათ მინისტრთან, რომელსაც ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ ამის გამო კომიტეტის სხდომის გადადება ითხოვა.
კომიტეტის გადადებას დაუჭირა მხარი ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამაც. მისი თქმით, კითხვები 4 ადამიანთან ჰქონდა, ვინც ინსპექტირების პროცესში მონაწილეობდა და მასზე პასუხისმგებლობა ეკისრება, მათ შორის იყო მინისტრიც. ამიტომ, ბაჩანა შენგელიას თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მას მინისტრისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცემა.
ბაჩანა შენგელიას კომენტარის შემდეგ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა სხდომის გადადებას უყარა კენჭი, რომელსაც კომიტეტის წევრთა უმრავლესობა დაეთანხმა და განათლების კომიტეტის სხდომა ჯერ-ჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო.