შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ და კომისიის წევრმა, ეკა გიგაურმა შეწყალების კომისია დატოვეს. ზვიად ქორიძემ ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა. მისი თქმით, განცხადება კომისიიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა კი ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, 5-წლიანი მუშაობის შემდეგ კომისიის დატოვების შესახებ განცხადება ნოემბერში დაწერა.
„შეწყალების კომისიის განახლებას აპირებს პრეზიდენტიო, მაგრამ ერთი უზუსტობაა - მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ ნოემბერში თავად დავწერე განცხადება (კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც აპირებდა იმავეს თუ არ ვცდები ) და 5-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია. ამიტომ ალბათ უფრო შევსებას აპირებს კომისიის განახლებასთან ერთად.
აქვე ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ქორიძეს! მგონია, რომ ის იყო ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე," - წერს ეკა გიგაური.
ფოტო: „რადიო თავისუფლება“