„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი პარტიის სხდომა დასრულდა. სხდომიდან გამოსულმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარტიამ იურიდიული კომიტეტიდან მისი გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კომიტეტში ვერანაირ ტანამდებიბას ვეღარ დაიკავებს.
„ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, რომლის გაპროტესტებასაც ნამდვილად არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან მოადგილე, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. ეს არის პრინციპული, თორემ გედი ფოფხაძე სულ რომ არ იყოს პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება“, - განაცხადა ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ მისი დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უარყოფითია.
გედევან ფოფხაძე, მას შემდეგ რაც ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, კომიტეტის პირველ მოადგილედ აირჩიეს.