საქართველოში გრიპის ვირუსით, კერძოდ, H1N1-ით 8 ადამიანი გარდაიცვალა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ამ შემთხვევაში, H1N1-ის ვირუსი სხვა ძირითად დაავადებასთან ერთად მიმდინარეობდა, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა კი დაგვიანებული იყო.
„ყველა შემთხვევაში გვაქვს დაგვიანებული მიმართვა სამედიცინო დაწესებულებისადმი. რვიდან ერთი იყო ორსული ქალი, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მძიმე პნევმონია ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულებას გვიან მიმართა, ხოლო დანარჩენ ექვს H1N1-ის ვირუსი ქრონიკულ დაავადებასთან ერთად ჰქონდა (სიმსივნე, გულის მწვავე ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შემდგომი მდგომარეობა და ა.შ)”, - აღნიშნა მან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში H1N1 ვირუსის გავრცელება უნდა შემცირდეს, ხოლო თებერვლის ბოლოდან ისევ გაიზარდოს.
იმნაძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე გრიპით ავადობა 277-ს შეადგენს, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს.
„თუმცა გვქონია 900-ზე მეტი შემთხვევაც 2009-2010-2011 წლის სეზონებზე. ავადობის მაჩვენებელი ახლა უნდა შემცირდეს და მეორე მატება ალბათ იქნება თებერვლის თვეში, ოღონდ არამგონია, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ახლაა. ბოლო წლებისათვის ეპიდემიური ზღვარი არის 500, რასთანაც მიახლოებულები ნამდვილად არ ვართ. მთავარია, რომ ვინც ავად გახდება და ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს, მან დროულად მიაკითხოს სამედიცინო დაწესებულებას, დროულად დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, გარდა გრიპის ვირუსისა, მიმდინარე სეზონზე გავრცელებულია წითელაც.
„ძირითადი და წამყვანი მაინც არის გრიპი და აბსოლუტური უმრავლესობა არის H1N1 ვირუსი, ძალიან ცოტაა H3 და უკვე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი. რომელი ვირუსითაც არ უნდა გახდეს ადამიანი ავად, მთავარი ის არის, რომ ძირითადი დაავადება არ გართულდეს და დროულად მიმართოს სამედიცინო დახმარებას”, - აღნიშნა მან.