ბათუმში 4 იანვარს ძლიერი ქარის დროს დაშავებული კაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 54 წლის დაშავებული კლინიკა „მედცენტრში“ გუშინ მიიყვანეს. ექიმების თქმით, მას თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მეორე დაშავებული ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 60 წლის კაცს ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
ორი მოქალაქე ძლიერი ქარის გამო ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა. შემთხვევისას დაზიანდა ორი ავტომანქანაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.