საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, თუ მოსამართლეების სიაზე ობიექტური კრიტერიუმების გარეშე იქნება მსჯელობა, ის მხარს არ დაუჭეს. ამის შესახებ ქუცნაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.
„წესი და კრიტერიუმები არის საფუძველი და ზედნაშენია მათზე დაყრდნობით კანდიდატების შერჩევის პროცესი. დღეს მთელი მედია ჩართულია ზედნაშენი პროცესის განხილვაში და არავინ საუბრობს იმაზე, რა კრიტერიუმები უნდა იყოს შერჩეული და რა წესი უნდა იყოს დადგენილი", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილისვე განმარტებით, მსგავსი პოზიცია ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც და იმედოვნებს, რომ იგი ამ პოზიციაზე დარჩება.
„ჩემი პოზიცია არის ისეთივე, როგორიც იყო ახალ წლამდე. ჯერ უნდა დავადგინოთ ობიექტური წესი, ამ წესის საფუძველზე განისაზღვროს შესარჩევი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩეს კანდიდატურები. პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია ასეთივე იყო დეკემბრის თვეში, როდესაც მან გააკეთა ოფიციალური განცხადება. იმედი მაქვს ეს პოზიცია იქნება შენარჩუნებული. ან პარლამენტმა კანონის ძალით უნდა დაადგინოს ეს წესი ან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარეგულიროს კანონქვემდებარე აქტით ობიექტური შერჩევის კრიტერიუმები. მგონია, რომ ყველა მოქალაქეს უნდა მიეცეს საშუალება ამ კონკურსში მონაწილეობის, რადგან ძალიან ბევრი მოქმედი თუ ყოფილი პროკურორი, მოსამართლე და ადვოკატი ვიცი, ვისაც სურს გახდეს უზენაესი სასამართლოს წევრი.
ჩვენ საერთო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კონკრეტული კრიტერიუმები გვაქვს დადგენილი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოთხოვნები უფრო მაღალი უნდა იყოს ვიდრე საერთო სასამართლოების პირველი და მეორე ინსტანციის. ორი გზა შეიძლება ავირჩიოთ: 1. პარლამენტის მიერ კანონში ინტერვენციის გზა, რომელსაც მე უპირატესობას ვანიჭებ; 2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანონქვემდებარე აქტის შემუშავება წესების და კრიტერიუმების დადგენის თაობაზე. უპირატესობას ვანიჭებ ღია კონკურსს, სადაც მონაწილეობის მიღების საშუალება მოსამართლეების გარდა სხვა იურისტებსაც მიეცემათ", - აღნიშნა „ინტერპრესიუსთან" საუბარში ქუცნაშვილმა.