უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრების გამოთქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დღეს, უბრალოდ, ნაადრევია. ამ საკითხზე თავიანთი მოსაზრება ჯერ იერარქიულად ჩვენ წინ მდგომმა სხვა ეკლესიებმა უნდა დააფიქსირონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განუცხადა.
მიტროპოლიტის განცხადებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აღნიშნული გადაწყვეტილება შესწავლას მოითხოვს.
მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია ზოგადად მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს უფლებას, რომ ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია, რადგან ისტორიულად ცნობილია, რომ ამ მიწაზე მოციქულმა იქადაგა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, ვინ და რა პირობით უნდა მიანიჭოს ეს ავტოკეფალია. კერძოდ, ვინ უნდა იყოს უკრაინის ეკლესიის მეთაური და სხვა სასულიერო პირები.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია იმ სასულიერო პირების კანონიკურობის დადგენა, რომლებიც დღეს უკრაინის ეკლესიაში მოიაზრებიან, რადგან ზოგიერთი მათგანი ანათემას იყო გადაცემული, რასაც ყველა მართლმადიდებელი ეკლესია იზიარებდა კონსტანტინოპოლის ჩათვლით. მისივე თქმით, ზოგიერთ მათგანს მოციქულებრივი ხელდასხმა არ გააჩნია, ანუ თვითაღიარებული ეპისკოპოსია.
„ასეთი მღვდელმთავარი კი საღმრთო ლიტურგიაზე ჩვენთან ერთად როგორ იმსახურებს? ჩვენ არ შეგვიძლია ვცნოთ მსგავსი სასულიერო პირები კანონიკური ხელდასხმის გარეშე“, – დასძინა მიტროპოლიტმა. მისივე თქმით, ასევე, გასათვალისწინებელია ტომოსამდე მოქმედი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 200 კანონიერი ეპისკოპოსის ბედი, რომელთაც ტომოსი კანონგარეშე აყენებს.
მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, წმინდა სინოდს ჯერ საფუძვლიანად არ შეუსწავლია უკრაინის ეკლესიისთვის მინიჭებული ტომოსი, ანუ, განჩინება ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა. ამდენად, მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ კარგად უნდა შეისწავლონ ტომოსის ორიგინალი და არა ერთ-ერთი ნათარგმნი ვერსია და ამ საკითხში აჩქარება საჭირო არ არის. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ თავად კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში არ ჩქარობს ანალოგიური ტომოსის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას და დღემდე არ აქვს მოგვარებული მისი დიპტიხის საკითხი. კერძოდ, კონსტანტინეპოლის ეკლესიას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის 1500 წელი დასჭირდა.
„უკრაინის ეკლესიამ რომ ცოტა მოიცადოს, ამაში განსაკუთრებული და საზიანო არაფერი არ არის. ჩვენ ავტოკეფალია 1917 წელს აღვიდგინეთ, რაც რუსეთის ეკლესიამ 1943 წელს აღიარა, ხოლო კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ – 1990 წელს. აღიარების პროცესი ნელი და რთული პროცესია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
ამასთან, მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთის სახლმწიფოს ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და როგორც ქვეყნის მოქალაქეები, ქართველი ქრიტიანები, რა თქმა უნდა, ყველანაირად უკრაინას დაუჭერენ მხარს.
„იმის თქმა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა, ზედაპიული განცხადებაა, რადგან აღიარება ძალიან რთული და გრძელი პროცესია, რომელიც ბევრი პუნქტისგან შედგება და მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსემ იგი უნდა შეისწავლოს. ამიტომ დღეს ჩვენ მიერ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ აზრის დაფიქსირება ძალიან არაკორექტული იქნება სხვა ეკლესიების მიმართ, რომლებიც დიპტიხით ჩვენ წინ არიან. ასეთებია: ალექსანდრიის საპატრიარქო, რომელიც დიპტიხით მეორე ადგილზეა, ანტიოქია, იერუსალიმის და სხვა ეკლესიებიც, თუ გავითვალისწინებთ დიპტიხის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსეულ ვერსიას. სანამ ამ საპატრიარქოების აზრი ოფიციალურად არ იქნება გამოქვეყნებული, მანამდე ჩვენ ჩვენს პოზიციას, რომც გვქონდეს ჩამოყალიბებული, ვერ დავაფიქსირებთ. ეს უტაქტობა და არაკორექტულობა იქნება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
სააგენტო წერს, რომ მიტროპოლიტი კიდევ ერთ შესაძლო საფრთხეზეც საუბრობს. კერძოდ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რაც უკრაინის ეკლესისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხზე გააკეთა, იმავე პრინციპით, არ არის გამორიცხული, აფხაზეთში იმოქმედოს.
„წმინდა სინოდზე ჩვენ განვიხილეთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან მიღებული წერილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით. ოფიციალურ წერილში წერია ძალიან სახიფათო ფრაზა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ექსკლუზიური უფლება, ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩაერიოს. პირადად ჩემთვის, ეს მიუღებელია და ბევრი სირთულის გამომწვევი შეიძლება გახდეს მომავალში“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.