„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, საქართველომ არ უნდა აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რადგან ამ შემთხვევაში, როგორც ბურჯანაძე აცხადებს, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეკლესიებს აღიარებს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ზუსტად ვიცი, რომ თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის ეკლესია ავტომატურად გააკეთებს იმას, რაც აქამდე არ გაუკეთებია - აღიარებს აფხაზეთის ეკლესიას. ეს იქნება დიდი ნაბიჯი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობისა და საქართველოს დაღუპვისაკენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, იმ პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდებს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისკენ, პროდასავლურობას არის ამოფარებული და რეალურად ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, ის პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ინტერესებს, მაგრამ საქართველომ პირველ რიგში თავის მომავალზე უნდა იფიქროს.
ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საპატრიარქო ამ საკითხს გადაწყვეტს ისეთივე სიფრთხილით, როგორი სიფრთხილესაც აქამდე სხვა თემების მიმართ იჩენდა.