ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 8 617-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, მათგან 53 პროცენტზე მეტი გამართულად ჩაითვალა, 46 პროცენტი (3 963) პირველადი ინსპექტირების შედეგად დახარვეზდა, ხოლო 0,4 პროცენტს ინსპექტირების ცენტრებმა გზაზე გადაადგილება თავიდანვე აუკრძალეს.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 2019 წლიდან გახდა სავალდებულო. თუმცა აღნიშნული რეფორმა 2018 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე ინსპექტირება 148 100-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, მათი 68 პროცენტზე მეტი პირველივე შემოწმებისას გამართული აღმოჩნდა, ხოლო 2,5 პროცენტს გზებზე მოძრაობა აეკრძალა.
„აღსანიშნავია, რომ თუ ინსპექტირებისას ავტომობილი პირველ შემოწმებას ვერ გაივლის დადებითად, ავტომფლობელს აქვს 30 კალენდარული დღე ხარვეზის გამოსასწორებლად. იმავე ტესტირების ცენტრში ავტომობილის განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარია მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებულ ცენტრებში.
ავტომობილი შემოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.
ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 აპრილი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს მიმდინარე წლის 15 აპრილის ჩათვლით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.