.jpg)
პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პროკურატურის განცხადებას აფასებს. პარტია აღნიშნავს, რომ პროკურატურის
წარმომადგენელმა თითქმის სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ის გარემოებები, რომლებიც წინა
დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა.
„ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ საქმე, როგორც პროკურატურის
წარმომადგენელმაც აღნიშნა, ეხება ისეთ მოვლენებს, რომლებსაც თითქოსდა ადგილი
ჰქონდა დაახლოებით 11 ან/და 7 წლის წინ. შესაბამისად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა,
სად იყვნენ სამართალდამცავი ორგანოები აქამდე, თუ მათი აზრით, ესოდენ
სერიოზული დანაშაული მართლაც იქნა ჩადენილი“, - წერია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.
პარტიის შეფასებით, გენერალური პროკურატურის მცდელობა, გამოძიების დაწყება დაუკავშიროს გასული წლის ივლისში „მოპოვებულ ინფორმაციას“, ნაკლებად სარწმუნოა, რადგან „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლების განცხადებით, ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებებს უწინაც ჰქონიათ
წარუმატებელი მცდელობა, იგივე ფაქტებში დანაშაულის ნიშნები ეძიათ.
„თავისუფალ დემოკრატებს“ მიაჩნიათ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მის
დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავი ორგანოების აშკარა მცდელობა, იერიში
მიიტანონ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტზე, ამ უკანასკნელის
დისკრედიტაციის, საფინანსო ბაზარზე მისი გავლენის დაქვეითებისა და, შესაძლოა,
მასზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით.
„ამასთანავე, კონტროლის გავრცელება ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ბანკზე, რომლის წილი ქვეყნის ეკონომიკაში სოლიდურია და, რომლის კლიენტებსაც წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობისა და ბიზნესორგანიზაციების
მოზრდილი ნაწილი, ნიშნავს, ირიბად მაინც, ამგვარი კონტროლის გავრცელებას
ეკონომიკისა და მოსახლეობის შესაბამის ნაწილზეც“.
პარტიის განცხადებით, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ პროკურატურის ნარატივში ასევე ფიგურირებს
„ტვ პირველის“ დამფუძნებლის გვარიც, „რაც გვაქფირებინებს, რომ იერიშის ობიექტი
შეიძლება ასევე გახდეს დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომლის პოპულარობა ქვეყნის
მოსახლეობაში დღითიდღე იზრდება“.
„თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ ვინაიდან „თიბისი ჰოლდინგი“ არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის მიზანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის
მშენებლობაა, რასაც, თავის მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს
ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდგომარეობის განვითარების
თვალსაზრისით, მიმდინარე გამოძიებას, შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს
საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის წარუმატებლად
დასრულება. „ეს კი შეიძლება ხელს აძლევდეს მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელსაც
ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%“.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ ხელისუფლებას უწინაც ჰქონია არაერთი
ძალისხმევა, სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად
გამოეყენებინა, მათ შორის, საქმიანი გარიგებების შემთხვევებშიც (გავიხსენოთ,
მაგალითად, „ტრაქტორების საქმე“ და „კაბელების საქმე“). ყველა ეს მცდელობა
წარუმატებელი და საზიანო აღმოჩნდა თვით სამართალდამცავი სისტემისა და
მთლიანად ქვეყნისათვის. ზიანი გაცილებით უფრო მასშტაბური შეიძლება იყოს ამ
შემთხვევაში, ზემოხსენებული ინტერესების მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი
მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელთა ხელყოფაც მოსალოდნელია მოხდეს
მოცემული გამოძიების შედეგად“, - წერია პარტიის განცხადებაში.