„საზოგადოებას ნუ დავამძიმებთ. მერაბ მეტრეველთან [ტოკშოუში] ვიხუმრე", - ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი გედევან ფოფხაძე ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.
ფოფხაძის თქმით, მან იხუმრა, როდესაც გაუთავებლად საუბრობენ უმრავლესობიდან წასვლაზე.
„ვიხუმრე, რომ რა ვიცი მერე რას ვიზამ, რაში გამოიხატება ჩემი გაბრაზება. როგორც ჩანს, უკბილო ხუმრობა გამომივიდა, მომიტევეთ. არაფერ რადიკალურობაზე საუბარი არ არის, დარწმუნებული ვარ, რომ გვაქვს რესურსი, ეს გადაწყვეტილება [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესის მოსამართლეთა კანდიდატურების დამტკიცება] მიღებული არ იყოს", - თქვა ფოფხაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.
ტელეკომპანია „კავკასიის" ტოკშოუში სტუმრობისას მან შემდეგი რამ განაცხადა:
„თუ ეს სია დამტკიცდება, მე ძალიან გავბრაზდები. წამოსვლა ამ შემთხვევაში შეიძლება ვერც მოვახერხო... ძალიან გავბრაზდები, ჭკუიდან გადავალ, არაადეკვატური გავხდები... რაში გამოიხატება ეს, მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს, ავიფეთქო თავი, პარლამენტში ტროტილით მივიდე”.
მისი თქმით, ეს საკითხი მისი პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდაა, ამიტომ უკან ვერ დაიხევს.
„... შეიძლება, საერთოდ არაადეკვატური გავხდე და ისეთი რამე გავაკეთო, რაც სისხლის სამართლის კოდექსს ეწინააღმდეგება", - განაცხადა ფოფხაძემ.