იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, გრიპის შემთხვევები იკლებს და ამაზე ბოლო კვირებისა და დღეების დინამიკა მიუთითებს. ივანე ჩხაიძის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი წევს. მათ შორის, დეკემბრის ბოლოს ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზებული იყო 32 პაციენტი, იანვრის პირველ კვირას - 20, მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაცია კი იანვრის პირველ კვირას ნაკლებია, ვიდრე იყო დეკემბრის ბოლო კვირაში.
„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, არ შეცვლილა და მძიმე ჩივილებით 3 პაციენტი მკურნალობს. ორ მათგანთან დადგენილია გრიპის შემთხვევა გართულებული ფილტვების ანთებით, ერთ პაციენტთან კი გრიპი მიმდინარეობს ფილტვების ანთების გარეშე. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ, ორ მათგანს ხვალ გადავიყვანთ კრიტიკული მედიცინის ექიმების კონტროლიდან. ერთი კი გააგრძელებს მკურნალობას. დღეს დილით იაშვილის კლინიკაში წევს 63 პაციენტი, რომლებზეც დადგენილია გრიპისა და გრიპის მაგვარი დავადებების კლინიკური ნიშნების მიხედვით დიაგნოზი. გუშინდელი მდგომარეობით იყო 72 პაციენტი ანუ ყოველდღიური დინამიკაც არ მიუთითებს შემთხვევების მატებაზე. პირიქით, როგორც კვირების, ასევე დღეების მიხედვით შემთხვევები ნაკლებია,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან ივანე ჩხაიძემ.