ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი პრესკონფერენციას მართავს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს პრეზიდენტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებაზე და რატომ არ მიულოცა ამის გამო უკრაინის მოსახლეობას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ეს საკითხი მასზე უკეთ საქართველოს საპატრიარქომ იცის და ის თავს შეიკავებს ამაზე ლაპარაკისგან:
„უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა მნიშვნელობა ჰქონდა ავტოკეფალიის აღდგენას 1917 წელში. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სიძლიერის საწინდარი და ასეთი გამოცდილება უკრაინას არ აქვს. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელებისთვის მილოცვა, რომ არ ვიყო პრეზიდენტი. საქართველოს საპატრიარქომ ჩემზე უკეთ იცის ეს საკითხი და მეტად ანიჭებს ყურადღებას. თუ ჩვენი ეკლესია ფრთხილობს და თავს იკავებს მილოცვისგან, რაღაც შედეგების გამო, რომელიც ყველას გვესმის რას ეხება, მე არ შემიძლია ამაზე პასუხისმგებლობის აღება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.