ჟურნალისტი და შეწყალების კომისიის ყოფილი თავჯდომარე ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ტელევიზიის ინფორმაციით, იგი აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე/სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე იმუშავებს.
„ერთობლივი საქმიანობის მთავარი აქცენტები მაუწყებლის ტელე-, რადიო- და ვებპლატფორმების მართვის დოკუმენტის მომზადება, სამაუწყებლო ბადის ანალიზი და სრულყოფა იქნება. ზვიად ქორიძე შიდა მონიტორინგის სისტემის სრულყოფასა და მაუწყებლის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმუშავებს, ასევე ჩაერთვება დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში კი იქნება მაუწყებლის წარმომადგენელი.
ზვიად ქორიძე 25 წელზე მეტია პრაქტიკულ ჟურნალისტიკაშია, არის მრავალი პუბლიკაციისა და გადაცემის ავტორი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“, „ტელეიმედის“, ტელეკომპანია „მზეს“, „პირველი არხის“ ახალი ამბების რედაქციებში. ასევე იყო სხვადასხვა გამოცემების რედაქტორი და კონსულტანტი.
ზვიად ქორიძე 2011–2013 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს. არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანაავტორი, რომლის საფუძველზე შეიქმნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“.
დღეისათვის ზვიად ქორიძე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ჟურნალისტიკის მიმართულებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში," - ავრცელებს აჭარის ტელევიზია.