პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ საბჭოს მიერ უზენაესის მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები მზად არიან ნებისმიერ კრიტერიუმს დაექვემდებარონ.
როგორც მიქაუტაძე ამბობს, შეთანხმების თანახმად, უახლოეს მომავალში გაიმართება ფართო სარეფორმო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმების შემუშავებაზე იმსჯელებს.
„რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, მე თითოეულ მათგანთან მქონდა საუბარი და ყველას პოზიცია არის, რომ შემუშავებულ ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება თითოეული მათგანი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა. პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, თუ იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ ღია პროცესში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც სარეფორმო ჯგუფი შეთანხმდება", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ და განაგრძო - „ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. აქაა ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები. დრო მოვიდა მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი. ყველა კანდიდატი დაექვემდებარება შემოწმებას იმ კრიტერიუმებით, რომელსაც შევიმუშავებთ".
აღსანიშნავია, რომ თავად მიქაუტაძე არის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც მისი წარდგინებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 წევრის მხარდაჭერით პარლამენტში წარადგინა:
- მარიამ ცისკაძე
- ნინო ქადაგიძე
- მიხეილ ჩინჩალაძე
- პაატა სილაგაძე
- დიმიტრი გვრიტიშვილი
- მერაბ გაბინაშვილი
- ნინო სანდოძე
- თამარ ალანია
- გიორგი ტყავაძე
- გიორგი მიქაუტაძე