შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას ულოცავს - შესაბამის განცხადებას ეპარქიის გვერდი Facebook-ზე ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი აზრით, უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყოს, „რამეთუ იგი საუკუნებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია"
„აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერბს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს"- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ეეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ დრომდე უცნობია.
კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი მიტროპოლიტ ეპიფანეს 6 იანვარს გადასცა.
ბართლომემ დოკუმენტებს ხელი ტომოსს 5 იანვარს სტამბოლში გამართულ ცერემონიალზე მოაწერა.
რუსული 330-წლიანი რელიგიური კონტროლის შემდეგ, ისტორიული დოკუმენტით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას დამოუკიდებლობა, ავტოკეფალია მიენიჭა.
მანამდე, 15 დეკემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერები ახალი ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნაზე შეთანხმდნენ და მის ხელმძღვანელად 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, ეროვნული უსაფრთხოება რუსეთისგან „სულიერ დამოუკიდებლობაზეა“ დამოკიდებული.