პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი შეასრულებს.
დავით მათიკაშვილისთვის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების დაკისრებას მხარი კომიტეტის 11 წევრმა დაუჭირა.
კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია სხდომას არ დასწრებია .
დავით მათიკაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ დეკემბერში დატოვა. ასევე გადადგა პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი.
როგორც ბესელიამ გადადგომისას განაცხადა, მას თანამდებობის დატოვება ვანო ზარდიაშვილის გადადგომამდე არ სურდა, რადგან, როგორც პირველ მოადგილეს, მას მოუწევდა, თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.
მოგვიანებით ბესელიას წარდგინებით კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია, რასაც „ქართული ოცნების" წევრთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. შედეგად, ფრაქციის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფოფხაძე პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაიწვიეს.