მოქალაქის (ა.ჯ.) Facebook-პოსტის საფუძველზე, რომელმაც ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ „სპეცდანიშნულების ჯგუფის ჩამოყალიბება” დააანონსა, გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მიხლით დაიწყო, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს:
„1. რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით“.