EMC დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თვითნებურ პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
EMC მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კანონმდებლობის ის ნორმები, რომლითაც გართულებულია პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პროცესი და შეზღუდულია სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის მონაწილეობა.
„მოსარჩელე პირები არიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ქობულეთში მდებარე მუსლიმური პანსიონატის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე საქმეში არსებობდა გარემოებები, რის გამოც როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილს, ისე პანსიონატის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაზარალებულისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი უნდა მინიჭებოდათ, მათ ამგვარი სტატუსი დღემდე არ აქვთ, რაც არსებითად ზღუდავს მათ მონაწილეობას სამართალწარმოების პროცესში“, - წერია განცხადებაში.
როგორც EMC-ის განცხადებაშია ნათქვამი, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობა იძლევა თვითნებური განმარტების შესაძლებლობას, რასაც პრაქტიკაში პროკურორი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი უარის საფუძვლად იყენებს ხოლმე და რის გამოც დაზარალებულისთვის გაურკვეველი რჩება სტატუსზე უარის თქმის მიზეზი.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პრობლემურია საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც საშუალებას აძლევს პროკურატურას, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირს, „გამოძიების ინტერესებიდან“ გამომდინარე, უარი უთხრას საქმის მასალების გაცნობაზე.
„იმ შემთხვევაში კი, როდესაც დაზარალებულს საქმის მასალების გაცნობის უფლება ეძლევა, მას არ აქვს შესაძლებლობა გააკეთოს მასალების ასლები, რაც არსებითად ართულებს გამოძიების პროცესში პირის სრულფასოვან მონაწილეობას. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებზე პროკურატურა წყვეტს ან არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას, დაზარალებულს, არსებული კანონდებლობით, არ ეძლევა უფლება, პროკურორის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს“, -ერია გავრცელებულ განცხადებაში.
EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურია კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით.
„კანონმდებლობის ის ნორმები, რომლის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან არდაწყების დროს, პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგაგად დაზარალებულებს აქვთ, აგრეთვე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს“,- წერს EMC