ბათუმში ძლიერი ქარის გამო შენობიდან 2 ადამიანი ჩამოვარდა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორეს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების წესის დარღვევას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე შენობის სახურავია დაზიანებული.
„ბათუმში ძლიერი ქარის გამო განსაკუთრებული და სერიოზული გამოძახება არ ყოფილა. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე შენობის სახურავია დაზიანებული. წაიქცა ერთი ხე და უშლიდა ხელს მოძრაობას. ამჟამად ქუჩა გაწმენდილია“,-განუცხადეს „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.
ფოტო: აჭარის ტელევიზია