სახალხო დამცველის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ნომინირების პროცესი ნამდვილად შეუსაბამო იყო კონსტიტუციასთან. ნინო ლომჯარიას თქმით, მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა განიხილონ.
„რამდენიმე პრობლემას ვხედავთ", - აცხადებს ომბუდსმენი და განაგრძობს - „რა თქმა უნდა, პროცესის გამჭვირვალობა არის პრობლემატური. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ყველა პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ აქვს სათანადო გამოცდილება და კვალიფიკაცია, უნდა შეეძლოს მონაწილეობა მსგავს კონკურსში და გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
დღეს არსებულ პრობლემამდე მივედით იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში არ გატარებულა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რაზეც ვსაუბრობდით. ეს არის შედეგი იმ პრობლემისა, რაც არის ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობით უნდა ხდებოდეს კანდიდატების ნომინირება, არამედ ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც უმცირესობაში არიან. მათ მხარდაჭერილ კანდიდატებსაც უნდა შეეძლოთ, რომ პარლამენტში წარადგინონ განსახილველად", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფში, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს გაწერს, ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენის აპარატი.
„მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდეს ყველა ის პირი და ორგანიზაცია, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, პირველ რიგში, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ სასამართლო რეფორმაზე და ძალიან კარგი წარმოდგენა აქვთ იქ არსებულ პრობლემებზე. მეც, როგორც სახალხო დამცველი, მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში და ჩვენ გვექნება ჩვენი კონკრეტული ხედვა. ჩვენ უკვე მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩაგვრთოს ამ ჯგუფში", - ამბობს ლომჯარია.
გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის მოსამართლეთა კანიდატურების პარლამენტში წარდგენის გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით უნდა მიიღოს.