შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავების და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. დაშავებულია 4 ადამიანი, მედიკოსების პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქარმა ასევე დააზიანა შენობა-ნაგებობების სახურავები და საცხოვრებელი სახლების შუშები.
მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა 40 შეტყობინება.
„ყველა შემთხვევაზე პოლიციის თანამშრომლებმა და მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება. მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების გამაგრების და ქარისგან წაქცეული ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდითი სამუშაოები.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა მოქალაქეების დაშავების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე (სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა) და 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მუხლებით დაიწყო. რაც შეეხება ავტომობილების დაზიანების ფაქტებს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმში, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო მოძრაობას არეგულირებენ. მოქალაქეთა უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველსაყოფად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის და ქვეითთა მოძრაობა შეზღუდულია.
ფოტო: აჭარის ტელევიზია