პარლამენტში ვიღაც სხვამ ეკა ბესელიას სუპერძალაუფლება ვერ აიტანა, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.
„მე ვლაპარაკობ ადამიანის როლზე, რომელიც ვიღაცას ამ როლში მოსწონდა და ახლა აღარ მოსწონს. თუ რამე გაკეთდა სასამართლოს სფეროში, ამაში ბესელიას ლომის წილი უდევს და თუ რამე გაფუჭდა - ასევე, იმიტომ, რომ ის საყრდენი და ძალიან გავლენიანი ფიგურა იყო. მოხდა მარტივი რამ - გავლენის სფეროების გადანაწილება. ეკა ბესელიას ეს სუპერძალაუფლება ვერ აიტანა ვიღაც სხვამ ახალ პარლამენტში.
ძველ პარლამენტში მას მაინც და მაინც კონკურენტები არ ჰყავდა. როგორც ჩანს, ახალ პარლამენტში ეს სურვილი ვიღაცას გაუჩნდა. კარგად მახსოვს, მართლმსაჯულების საკითხებზე კანონპროექტები იურიდიული კომიტეტიდან როგორ გადასულა სხვა კომიტეტებში, მათ შორის ბესელიას კომიტეტში, იმიტომ, რომ ხმალაძე არ იყო საიმედო სხვებისთვის. ამიტომ ეს სისტემა ფუნქციონირებდა და ახლა ვერ ფუნქციონირებს იმიტომ, რომ არის საკითხები, რაზეც ეკაც და სხვებიც, ალბათ, თანახმანი არიან, მოითმინონ, გააკეთონ და აიტანონ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც თანახმა აღარ არიან. სად იყო გაზაფხულზე და ზაფხულში ეს 10-კაციანი სია? როდესაც კომიტეტიდან მის გადაყვანაზე იყო საუბარი, მაშინ ხომ ჯერ არ ყოფილა აქტუალური მოსამართლეების სია?“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, თუ საუბარია ივანიშვილის მცდელობაზე, რომ ცუდ შედეგებში დამნაშავე ადამიანები გაწიოს გვერდზე, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რაშია საქმე უშიშროების სამსახურში - რა გაეპარა ამ ხალხს და სად დაუშვეს შეცდომა.