მკაცრი ნარკოპოლიტიკა, დისკრიმინაცია ლგბტ პირების მიმართ, მუშათა უფლებები საოკუპაციო უსაფრთხოება და საფრთხეები მედიაპლურალიზმთან მიმართებაში - ამ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული საქართველოს შესახებ Human Rights Watch-ის 2019 წლის ანგარიშში.
ორგანიზაცია ანგარიშში ასევე აღნიშნავს საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
ვრცელი ნაწილი აქვს დათმობილი ხორავას ქუჩის საქმეს. აღნიშნულია, რომ ამ საქმის გამოძიებას ხანგრძლივი საპროტესტო აქციები მოჰყვა და პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია.
„გარდაცვლილთა ოჯახების მტკიცებით, პროკურატურამ გააყალბა, ან გადამალა მტკიცებულებები. პროტესტის შედეგად გადადგა მთავარი პროკურორი და შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.“ - წერია ანგარიშში.
ყურადღება გამახვილებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნებზე, რომელიც, როგორც კომისიის ოპოზიციურმა წარმომადგენლებმა, ისე მმართველი პარტიის წევრებმა წარმოადგინეს. ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ დასკვნაში საუბარი იყო გამოძიების ნაკლოვანებზე, ხარვეზებზე სისტემაში და არა კონკრეტულ პირებზე, რომლებიც ფუგურირებდნენ საქმეში.
ანგარიშში ასევე საუბარია თემირლან მაჩალიკაშვილზეც და ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მაჩალიკაშვილის ოჯახს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, რის გამოც მათ საშუალება არ აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს.
Human Rights Watch ასევე აღნიშნავს მაისში თბილისში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს. ნათქვამია, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ სპეცოპერაციებს აფასებდნენ, როგორც ძალის დემონსტრირებას, რასაც თბილისის ქუჩებში რამდენიმედღიანი პროტესტი მოჰყვა.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საქართველოში არსებულ მკაცრ ნარკოპოლიტიკაზეც.
„მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დევნის მაჩვენებელი მცირდება, ხელისუფლება განაგრძობს მკაცრი ნარკოკანონმდებლობის გამოყენებას, მოხმარებისა თუ პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების ფლობისთვის.
ნარკოდანაშაული ითვალისწინებს ხანგრძლივ სასჯელს, ჯარიმებს, ასევე - სხვა უფლებების ჩამორთმევას, მათ შორის მართვის უფლებისა და დასაქმებას გარკვეული პროფესიებით.
პოლიცია აიძულებს ათასობით ადამიანს, ჩაიტაროს ნარკოტესტირება. ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებული იყო თვითნებური დაკავება 12 საათზე მეტი დროით.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა ყველანაირი ჯარიმა მარიხუანის მოხმარებისთვის. ხელისუფლებამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც მარიხუანის სახლში ლეგალურად მოხმარებას საშუალებას იძლევა, თუმცა ჯარიმებია დაწესებული საჯარო სივრცეში მოხმარებისთვის. კანონპროექტით, კრიმინალიზებულია მარიხუანის მოხმარება ბავშვების თანდასწრებით და ავტომანქანის მართვის დროს. მარიხუანის შეძენა-შენახვა კვლავ დანაშაულად მიიჩნევა", - ვკითხულოთ ანგარიშში.
Human Rights Watch ვრცლად წერს საქართველოში ლგბტ პირების შესახებ.
„სახალხო დამცველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ლგბტ თემის წევრები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას, ძალადობას. ხოლო საჯარო პირების ჰომოფობიური განცხადებები აძლიერებს საზოგადოებაში ამგვარ განწყობებს“ - წერია ანგარიშში.
კონკრეტულად კი ყურადღება გამახვილებულია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებაზე, რომელიც მან ივნისში გააკეთა და „გამოხატა მისი კონსერვატიული პოზიცია, რაც შესაძლოა იყო ტრანსფობიური“.
„არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვდნენ წულუკიანის გადადგომას მართლმსაჯულების, სასამართლო სისტემაში რეფორმების წარუმატებლობის გამო. წულუკიანმა ამ ჯგუფების უკმაყოფილებას უპასუხა ამგვარად, რომ ის უარს ამბობს „დაარეგისტრიროს ადამიანი მამაკაცის ორგანოებით ქალად და პირიქით“. საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობა ტრანსგენდერი ადამიანების სქესს სამართლებრივად იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ ისინი სქესის შეცვლის ოპერაციას ჩაიტარებენ“, - წერია ანგარიშში.
ორგანიზაცია ასევე წერს მუშების უფლებებზე საქართველოში. აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა მარტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო. რიგი დასაქმების სფეროების შემოწმების უფლება შრომის ინსპექციას ექნება. თუმცა კანონი ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე.