„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი და თბილისის ყოფილი მერი კახა კალაძის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.
უგულავას თქმით, თბილისის მერმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ გაჭირვებული ადამიანების დახმარების ნაცვლად პოლიტიკური კინკლაობისთვის მოიცალა. კალაძე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად მომხდარის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს და ეს საზოგადოებას აზიანებს. უგულავას თქმით, მისი მერობის დროს სწორი კანონმდებლობა შეიმუშავეს, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ თუ მაინც არ მოსწონდა ეს რეგულაცია, მისი შეცვლა ბოლო 7 წლის განმავლობაში შეეძლო.
გიგი უგულავას თქმით, შენობის ექსპლუატაციაში შესვლა არ არის კავშირში იქ კომუნალური სერვისების შეყვანასთან და კანონმდებლობაში ეს ცვლილება მისი მერობის დროს, 2009 წელს შევიდა. თუმცა, თბილისის ყოფილი მერის აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და ქვეყნების უმეტესობაში ასეთი კანონმდებლობა მოქმედებს.
„2009 წელს გაუქმდა ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ექსპლუატაციაში შეუსვლელ ბინებში ცხოვრობენ. თბილისში ასეთი ათი ათასობით ადამიანია, მათ შორის დევნილები“, - განაცხადა უგულავამ. მისი თქმით, კანონმდებლობაში ცვლილებები მაშინ გაჭირვებული ხალხის სასარგებლოდ გააკეთეს.
გიგი უგულავას განცხადებით, მთავარი პრობლემა არა კანონში, არამედ მის აღსრულებაშია. რადგან არც ერთი შემთხვევის შემდეგ არ დასჯილან დამნაშავეები. „ეს არის პრობლემა და არა კანონი, რომელიც მოქალაქეების სასარგებლოდ იყო შეცვლილი. და თუ მაინც არ მოსწონდათ ეს კანონი, 7 წელია, „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. სამი წელი რომ იყო ნარმანია მერი, ახლა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ასტრონომიულ ხელფასს იღებს. მასაც შეეძლო შეცვლა, მაგრამ არ შეცვალა, რადგან ეს სწორია.
პრობლემაა ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი ინსტინქტია გაიშვიროს ხელი წინამორბედისკენ, გაიშვიროს ხელი ნებისმიერი ადამიანისკენ, ოღონდ თვითონ არ აიღოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა უგულავამ.
თბილისის ყოფილი მერის თქმით, ასეთი ხელისუფლება ხალხს სიკეთეს ვერასდროს მოუტანს. გიგი უგულავა ბრიფინგზე „ყაზტრანს-გაზსაც“ შეეხო. მისი თქმით, კომპანია წლებია, გაურკვეველ მდგომარეობაშია და ახლა გაჟღერდა ინფორმაცია, რომ იქ შესვლას კალაძის ბიზნესპარტნიორი ხვიჩა მაქაცარია გეგმავს. ეს კი ენერგოკომპანიას და საზოგადოებას დააზიანებს.
„გუშინ გავრცელდა ნაწილობრივ სწორი ინფორმაცია, რომ „ყაზტრანს-გაზში“ აპირებს შესვლას კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია. ეს კომპანია უკვე მერვე წელია არ მიწისაა და არც ცისა. არც სახელმწიფოსია და არც კერძო. ამ კომპანის არ აქვს განვითარების სტრატეგია. ამიტომ თბილისის მერიამ ძალისხმევა უნდა დახაჯროს მისი მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებაზე და შემდეგ ჩაატაროს გამჭვირვალე საერთაშორისო ტენდერი“, - განაცხადა უგულავამ.
გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ „ყაზტრანს-გაზი“ მაქაცარიას მფლობელობაში აღმოჩნდება, ის „ქართული ოცნების“ აქტივის დასაქმების ადგილი გახდება. კომპანიას კი რეალური ინვესტორი სჭირდება.
„სერვისის გაუმჯობესებას სჭირდება რეალური ინვესტორი. სჭირდება იმისთვის, რომ კომპანიის თანამშრომლებს ჰქონდეთ მაღალი ხელფასი და ასე უგულისყუროდ არ ეკიდებოდნენ საქმეს“, - დასძენს უგულავა.