საფრანგეთიდან უელსში მიმავალი თვითმფრინავი, რომელზეც სავარაუდოდ „კარდიფ სიტის“ ფეხბურთელი იმყოფებოდა, წუხელ გაუჩინარდა. შიშობენ, რომ მომცრო ზომის თვითმფრინავის ორი მგზავრიდან ერთ-ერთი არგენტინელი თავდამსხმელი ემილიანო სალაა.
BBC-ის ინფორმაციით, ამჟამად თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, „კარდიფ სიტის“ განცხადებით, კლუბი ელის მომხდარის გამოძიებას.
კარდიფის აეროპორტმა დაადასტურა, რომ გაუჩინარებული თვითმფრინავი ნანტიდან უნდა ჩაფრენილიყო. დანარჩენი დეტალების გასაჯაროებისგან ოფიციალური პირები ჯერჯერობით თავს იკავებენ.
თვითმფრინავის გაუჩინარების ადგილი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიას არ ეკუთვნის, თუმცა დაკარგულ თვითმფრინავს ფრანგულ მხარესთან ერთად ორი ინგლისური ვერტმფრენიც ეძებს.
ემილიანო სალა „კარდიფ სიტის“ სარეკორდო შენაძენი იყო. კლუბ „ნანტიდან“ არგენტინელი ფორვარდი უელსელებმა შაბათს 15 მილიონ ფუნტად შეიძინეს. საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში სალა მესამე ადგილზე იყო. „ნანტის“ შემადგენლობაში თავდამსხმელმა ამ სეზონში 13 გოლი გაიტანა.