თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას თქმით, ამჟამინდელ მერს, კახა კალაძეს სრული და ლეგალური შესაძლებლობა აქვს, არ განაახლოს ვაკის პარკში მშენებლობა, დაჯდეს ინვესტორთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან და გამონახოს საერთო ენა.
„მას აქვს ბევრი არგუმენტი, მათ შორის ახალი გენგეგმა, რომელსაც თვითონვე ლობირებს. ამიტომ, ყველა ეს საუბარი მისი მხრიდან არის თავის დაძვრენის მცდელობა. იმის ნაცვლად, გადადოს ყოველგვარი კინკლაობა და ვიფიქროთ გამოსავალზე, ზეპარტიული ფონდის ჩამოყალიბებაზე, რომელში ჩართვის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა, მეც, მასაც. ვიმუშაოთ, ფული შევაგროვოთ. აქ ცალკე ესაუბროს ინვესტორს. ამის ნაცვლად, შანტაჟის ენით გვესაუბრება. არავის მივცემ უფლებასო, ძაან მეცინება მე. ეს არის, რაც ცხრა წლად მონათლეს. ამიტომ სასაცილოა. მე კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეზომება, ნუ მეტოლება. თუ რამეს კარგს გააკეთებს, გამიხარდება. უბრალოდ, რასაც აკეთებს, თბილისის მერისთვის შეუფერებელია. კალაძე რომ კორუფციაზე დაიწყებს ლაპარაკს, უბრალოდ სირცხვილია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
როგორც „ევროპული საქართველოს" გენერალური მდივვანი აცხადებს, კახა კალაძე და რიჟა (გიორგი კაპანაძე) არიან ერთი თავის ორი ფეხი, რომლებიც დღეს საზოგადოებას ატყუებენ. უგულავას აზრით, ისინი ერთმანეთის გამომრიცხავ რაღაცას ამბობენ.
„ჯერ ამბობენ, რა ვქნათ, სასამართლოს გადაწყვეტილებაა, მერე ამბობენ, რომ არ აშენდება. ალბათ ხვალ ისევ იტყვიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაა. ვიმეორებ, სამართლებრივად სწორი რომ იყო ეს გადაწყვეტილება, იცის კალაძემაც და ეს დაადასტურა სასამართლომაც“, – ამბობს უგულავა.