საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი GIPA-ში სალექციო კურსს წაიკითხავს თემაზე „პოლიტიკა".
GIPA-ს ცნობით, კურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები; გაათვითცნობიეროს ქართულ პოლიტიკასა და პოლიტიკური აზროვნების ფორმირების პროცესის განსხვავებულ ასპექტებში, მათ შორისაა: ფილოსოფია, ისტორია, ეკონომიკა, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, მასობრივი კომუნიკაციის მეთოდები, საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპები, საზოგადოებრივი შეხედულებები და სხვა.
როგორც GIPA-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კურსზე განიხილება ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორებიცაა: ინდივიდის როლი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესის ფორმირების პროცესში, სამართლიანობის, თანასწორობის, თავისუფლების, ძალთა ბალანსისა და გადანაწილების, მასობრივი კომუნიკაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული მთლიანობის, მრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსტიტუციონალიზმის, ეროვნული მედეგობის და სხვა საკითხები. პარალელურად, სისტემურ რეჟიმში მოხდება მიმდინარე პოლიტიკური ვითარების ანალიზი და შეფასება.