თბილისს ნობელიანტი მწერალი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ავტორი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.
პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ესეისტი საქართველოში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მეუღლესთან ერთად სექტემბერში ჩამოვა.
განათლების სამინისტროსა და წიგნის ცენტრის ინფორმაციით, ნობელიანტი ავტორი თბილისს 5 დღით ეწვევა. ეს იქნება მარიო ვარგას ლიოსას პირველი ვიზიტი კავკასიაში.
„თბილისში ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრა არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებსა და მთარგმნელებთან., ასევე - ქართველ მკითხველსა და სტუდენტებთან.
ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება“, - ნათქვამია წიგნის ცენტრის განცხადებაში.
მარიო ვარგას ლიოსა 1936 წელს, 28 მარტს დაიბადა.
2010 წელს ნობელის პრემია „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ მიიღო.
მისი წიგნებიდან ქართულად ნათარგმნია: „დეიდა ხულია და სცენარისტი“, „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“ „ხუთი კუთხე".