პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი სხდომაზე არავის დაუსვამს.
როგორც ქუცნაშვილი ამბობს, დისკუსია, ძირითადად, სასამართლო ხელისუფლების საკითხზე წარიმართა: ანუ რა წესებსა და კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნონ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები.
მეორე მხრივ, ქუცნაშვილის თქმით, მსჯელობის საგანი იყო, რა დამატებითი ზომებია საჭირო სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის გასაზრდელად.
„დღეს შევთანხმდით, რომ იმავე თემაზე დისკუსია ხვალაც გავაგრძელოთ. საკმაოდ ბევრია დისკუსიაში მონაწილეობის მსურველი. ამიტომაც დღეს დრო არ გვეყო ამ თემის განხილვის დასასრულებლად. ჩვენ ვცდილობთ, ერთი მხრივ, მსოფლიო პრაქტიკის, მეორე მხრივ, ქართული რეალობის გათვალისწინებით მოვძებნოთ ის ობიექტური საზომები, რაც სწორი წესებისა და კრიტერიუმების შერჩევაში დაგვეხმარება, იმისათვის, რომ პროცესების მიმართ ნდობა მკვეთრად გაიზარდოს“, - ამბობს ქუცნაშვილი.
როგორც იგი აღნიშნავს, ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, ვისაც საკუთარი აზრი აქვს. ქუცნაშვილის თქმით, წესებისა და კრიტერიუმებია ჩამოყალიბებას ათეულობით დეპუტატი ემხრობა.
უმრავლესობის წევრი ბიძინა ივანიშვილის პოზიციის შესახებაც საუბრობს.
„ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას, რათა საზოგადოებასთან შეთანხმება შედგეს. ის დღეს იქცეოდა, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი. სურდა, მოესმინა ყველას პოზიცია, ვინც აზრს გამოთქვამდა. მეც ვერ შევძელი აზრის გამოთქმა, იმიტომ, რომ ჩემ წინ ბევრი იყო ჩაწერილი. ამიტომ ვფიქრობ, ხვალაც უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და რამდენი დროც იქნება საჭირო, იმდენი დავხარჯოთ. ჩვენ თვალწინ იბადება და უნდა დავბადოთ თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება", - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.