გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნის ოპერაცია უშედეგოდ სრულდება. მაშველების თქმით, იმის შანსი, რომ „კარდიფ სიტის“ ფეხბურთელი ემილიანო სალა და პილოტი დევიდ იბოტსონი ცოცხლები იყვნენ, უკიდურესაც მცირეა.
კუნძულ გერნსის პოლიციის განცხადებით, მათ შეამოწმეს დაახლოებიტ 1700 კვადრატული მილი, ეძებდნენ სატელიტების დახმარებით და ეცადნენ სალას აუდიომიმართვით მისი ბოლო კოორდინატების დადგენას, მაგრამ გაუჩინარებული თვითმფრინავის ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინეს. კაპიტან დევიდ ბარკერის თქმით, მას ესმის, რომ ძებნის შეწყვეტას უკმაყოფილოდ შეხვდებიან დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაგრამ ოპერაციის გაგრძელება აზრს კარგავს.
თვითმფრინავის ძებნას კიდევ უფრო ართულებს ზღვის ლანდშაფტი დაკარგვის სავარაუდო არეალში. თვითმფრინავის ბოლო კოორდინატები ახლოს აღმოჩნდა ჰარდის ღრმულთან, წყალქვეშა ღრმა ხეობასთან, რომელსაც რადიოაქტიური ნივთიერებების ნაგავსაყრელად იყენებენ.
აქტიური ძებნის შეწყვეტის მიუხედავად, მაშველები სთხოვენ საზღვაოსნო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებს ყურადღებით იყვნენ ამ არეალში.
ავიაკატასტროფაში არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა 21 იანვრის საღამოს მოჰყვა. ის მცირე ზომის თვითმფრინავში იმყოფებოდა და ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა. სალამ შაბათს „კარდიფ სიტისთან“ გააფორმა კონტრაქტი, ინგლისური კლუბისთვის „ნანტიდან“ 15 მილიონ ფუნტად შეძენილი ფორვარდი სარეკორდო შენაძენი იყო.
თვითმფრინავის კვალი ნორმანდიის მხარეში ლა-მანშის სრუტის თავზე გაქრა. ბორდზე მხოლოდ პილოტი და ფეხბურთელი იმყოფებოდნენ.
„მეშინია“ - ემილიანო სალამ, სავარაუდოდ, თვითმფრინავის კატასტროფამდე აუდიომიმართვა გაავრცელა