„ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში სასამართლო სისტემის შესახებ სხდომა დღესაც იმართება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა სხდომა დამთავრებამდე დატოვა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ორდღიანი მუშაობა დასასრულს უახლოვდება და შედეგი იქნება ისეთი, როგორიც საზოგადოებას სურს.
ქუცნაშვილმა ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაეფუძნება უმრავლესობის პოზიცია კანონში სათანადო ცვლილებების შეტანის წინ:
„1. საზოგადოება ითხოვს, რომ პროცესები იყოს მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე, ამიტომაც ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია კონკურსის გზით შევიდნენ კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რათა შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელოს ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად და ამით დაცული იყოს თანასწორობის პრინციპი, რომ ყველა მსურველს მიეცეს თავისი თავის ნომინირების უფლება და ამ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა.
2. სახელმძღვანელო პრინციპი არის ის, რომ იმ კრიტერიუმების, მათ შორის კეთილსინდისიერების კრიტერიუმის, ხუთივე ასპექტი საპარლამენტო კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე განიხილება.
3. პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს და მიიღებს თავის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ პერსონასთან მიმართებაში. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო, საჭირო და სასარგებლო ვერსიაზე ჯერდება საპარლამენტო უმრავლესობა, რაც, იმედი მაქვს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სასარგებლო აღმოჩნდება“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.