ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს ოპოზიციის წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ მერს ეყოფა ვაჟკაცობა და თაბორის მთაზე „პანორამის“ ობიექტის მშენებლობას შეაჩერებს და, ასევე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ჯდება ვაკის პარკში მშენებლობის შეჩერება.
„მერად იმიტომ ავირჩიეთ, რომ მსგავსი მშენებლობები არ დაუშვას. მისი ხელმწიფე რომ აშენებს თაბორის მთაზე პანორამას, აი, ის ობიექტიც შეაჩეროს. ამის ვაჟკაცობაც თუ ეყოფა, ესეც კარგი იქნება და ოპოზიცია აუცილებლად იტყვის ამაზეც, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ის, რომ არ აშენდება ვაკის პარკში სასტუმრო, კარგია, თუმცა დეტალები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა გვიჯდება ეს“, - განაცხადა „რუსთავი 2-თან“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
________________________________________
დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა და პარკში არაფერი არ აშენდება.
„კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა და ამ კონკრეტულ ადგილზე არაფერი აშენდება. მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან" - ამის შესახებ ბრიფინგზე ქალაქის მერმა განაცხადა.
კალაძის ამ განცხადებას წინ უძღვოდა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
სასტუმრო „ბუდაპეშტის" მფლობელმა, გოგა ზაქაიძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაკის პარკში მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკება დასრულდა.
„ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ადგილის ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე", - ამბობს ზაქაიძე, თუმცა ბიზნესმენი კონკრეტულ თანხას არ ასახელებს.
გუშინ, 24 იანვარს თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და მერიის წარმომადგენლებს შორისაც.