„ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, უმრავლესობის წევრები მიდიან შეთანხმებისკენ. მისი თქმით, უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხი პარლამენტმა უნდა აიღოს თავის თავზე, რადგან პარლამენტი არის საერთო სახალხო წარმომადგენლობითი ორგანო და ასრულებს საზოგადოების დაკვეთას.
„მე ვერ გეტყვით, რომ ბოლომდე არის ასპროცენტიანი შეთანხმება, მაგრამ ჩვენ მივდივართ შეთანხმებისკენ. ვფიქრობთ, უნდა მივიღოთ პროცედურები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ვინ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტული ადამიანების წარდგენასა და არჩევაზე. ვფიქრობ, პარლამენტმა უნდა აიღოს ეს თავის თავზე. იმიტომ რომ პარლამენტი არის დღეს ყველაზე ლეგიტიმური ორგანო. პარლამენტი არის საერთო სახალხო წარმომადგენლობითი ორგანო, პარლამენტი ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების წარმომადგენლები და მათ ირიბ მონაწილეობას უზრუნველვყოფთ მოსამართლეების არჩევაში. ძირითადი დატვირთვა უნდა მოდიოდეს პარლამენტზე“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილის თქმით, ერთმანეთს უნდა მოუსმინონ და საუკეთესო ნაწილი უნდა აისახოს შემდეგ იმ კანონპროექტში, რომლითაც პარლამენტი წარდგება უკვე განხილვებზე კომიტეტებში. მისი თქმით, ეს დოკუმენტი სარეფერენდუმო ლეგიტიმაციის მატარებელი უნდა იყოს.