იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში იგეგმება ისეთი მოდელის გამოყენება, სადაც საბჭოს ორი წევრი უფლებამოსილია საბჭოს წინაშე დაასახელოს იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის მოცემულ მომენტში უზენაეს სასამართლოში.
„ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების მოდელზე. მოგეხსენებათ, რომ იქ ღია კონკურსი არ ტარდება, ხდება პირდაპირ კანდიდატების ნომინირება, ამიტომ ჩვენ შევეცადეთ უზენაეს სასამართლოშიც, რომელიც იგივე რანგის სასამართლოა, იგივე მოდელი დაინერგოს. კერძოდ, საბჭოს ორი წევრი უფლებამოსილია საბჭოს წინაშე დაასახელოს იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის მოცემულ მომენტში უზენაეს სასამართლოში. შემდგომ საბჭო მოაგროვებს ინფორმაციას ამ კანდიდატებზე, მოხდება ფარული კენჭისყრა და სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყდება საკითხი, იქნებიან თუ არა ისინი ნომინირებული პარლამენტის წინაშე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული მოსაზრება, რომლის თანახმად ერთ ვაკანსიაზე რამდენიმე კანდიდატი იყოს წარდგენილი, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ასევე ჩვენი პროექტის მიხედვით, იმ კანდიდატების რიცხვი, რომლებიც მოქმედი მოსამართლები არ არიან, არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაოდენობის ერთ მეხუთედს", - განაცხადა გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ხვალ გაიმარათება. როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც აქვს თავისი წინადადებები, რომელიც ჯგუფს უკვე გადაეგზავნა.
„ხვალ გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მსჯელობის ძირითადი საკითხი იქნება უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის კრიტერიუმები და რეგულაციები. ჩვენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გვაქვს ჩვენი წინადადებები, რომელიც უკვე გადაგზავნილია სამუშაო ჯგუფში. ასევე ჩვენ მივიღეთ სხვა მხარეების მიერ გადმოგზავნილი პროექტები, რომელსაც განვიხილავთ. ვფიქრობ, განხილვა ხვალვე ვერ დასრულდება და შემდეგ დაანონსდება როდის გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა",- განაცხადა მიქაუტაძემ.